ვაისი: ჩაკეტილ ფეხბურთს არ ვითამაშებთ - ეს სახიფათოა

საქართველოს ნაკრები რიგაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თავის მოთამაშეებს გამარჯვებისთვის განაწყობს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მატჩი საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის 16 ოქტომბერს რიგაში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

„ლატვიას იმაზე ნაკლები ქულა აქვს ვიდრე თამაშის ხარისხს აჩვენებს... ლატვია კარგად იცავს თავს, განსაკუთრებით კი, მოედნის ცენტრს და სახიფათო სტანდარტებს ასრულებს. ჩვენ სწორედ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ", - განაცხადა ვაისმა პრესკონფერენციაზე უეფას ერთა ლიგის მატჩის წინ.

მწვრთნელის აზრით, ორივე მხარე გამარჯვებისთვის იქნება განწყობილი და გულშემატკივარი კარგ ფეხბურთს იხილავს.

„ხვალ ვისი ტაქტიკაც იქნება უკეთესი, ვისაც უფრო გაუმართლებს და ვინც უფრო მეტს იმუშავებს მოედანზე, ის გაიმარჯვებს. ჩვენ ჩაკეტილი ფეხბურთის თამაშს არ ვაპირებთ, რადგან ეს სახიფათოა", - განაცხადა ვაისმა.

უეფას ერთა ლიგის სამ ჩატარებულ მატჩში საქართველოს ნაკრებს არც ერთი გოლი არ გაუშვია საკუთარ კარში და სამჯერ გაიმარჯვა: ყაზახეთთან 2:0, ლატვიასთან 1:0 და ანდორასთან - 3:0. ვაისმა აღნიშნა, რომ ეს მთელი გუნდის დამსახურებაა.

„ძალიან მიხარია, რომ გოლს არ ვუშვებთ და ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. ვთვლი, რომ გუნდს ახლა უფრო უკეთ ესმის რას ვითხოვთ ჩვენ მათგან და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ. გუნდის თამაში ახლა უკეთ ორგანიზებულია, განსაკუთრებით კი დაცვაში. რა თქმა უნდა, ესპანეთის, ინგლისისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ არ გვიწევს თამაში, თუმცა ამ ეტაპზე გუნდი კარგად მუშაობს და იმედი მაქვს, რომ ხვალ დადებით შედეგს ვაჩვენებთ", - აღნიშნა ვაისმა.

ვლადიმირ ვაისი: რიგაში ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება

რიგაში მატჩის სცენარის შესაძლო განვიტარებაზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, „სან-ხოსე ერტკვეიქსის" მცველმა გურამ კაშიამ.

„პირველ შეხვედრაში ლატვიამ დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, როდესაც მეტოქე 11 ფეხბურთელით თავს იცავს, გოლის გატანა ძნელდება. იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში განსხვავებულ მატჩს ვიხილავთ, ლატვიას მოსაგები აქვს თამაში და შესაბამისად, უნდა შემოგვიტიოს. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო დიდი შანსი გვექნება თამაშის მოსაგებად", - განაცხადა კაშიამ.

პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სტადიონ „დაუგავაზე" ერთსაათიანი ვარჯიში გამართა. ვაისის განკარგულებაშია 23 ფეხბურთელი.

უეფას ერთა ლიგის სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ცხრა ქულა აქვს და D-ლიგის პირველ ჯგუფს ლიდერობს. ლატვიას, ყაზახეთსა და ანდორას ორ-ორი ქულა აქვთ.

თუ საქართველო ლატვიას გასვლით მატჩში მოუგებს, გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს ვადამდე გაინაღდებს და უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში გავა.