საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს მთავრობა ექსპორტის ზრდის მთავარ მიზეზად გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციას ასახელებს.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო აგრძელებს წარმატებით ვაჭრობას - ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა და 9,1 მილიად აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

აღნიშნულ პერიოდში ქართული პროდუქციის ექსპორტი, 2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, 25,7%-ით გაიზარდა და 2,4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოში 2018 წლის ცხრა თვეში შემოიტანეს დაახლოებით 6,7 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 19,1%-ით მეტი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნეს, რომ ექსპორტის ზრდის დინამიკა 2016 წლიდან შეინიშნება, ხოლო მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა რეკორდული - 50,2%-იანი ზრდა.

საქართველომ ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მაღალი შეფასება მიიღო

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ეს ახსნა რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან (EFTA) და დსთ-ის ქვეყნებთან. უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიკაციას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჰონგ-კონგთან.

გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.

გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შეიძლება საქართველომ და იაპონიამ დაიწყონ. ამის შესახებ საქართველოს და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში 4 სექტემბერს განაცხადეს.