თბილისელები ახალ ბრაზილიურ კინოს გაეცნობიან

ბრაზილიური კინოფესტივალი დედაქალაქში გაიხსნება მრავალი პრემიის ლაურეატი ფილმით „ელისი"
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი 20-26 ოქტომბერს მეხუთე ბრაზილიურ კინოფესტივალს უმასპინძლებს, აღნიშნულია ღონისძიების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ფესტივალის მიზანია ახალი ბრაზილიური კინოს მხარდაჭერა, კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და ქართველი კინომანების დაახლოება თანამედროვე ბრაზილიის კინემატოგრაფთან.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ფესტივალი შვიდ დღეს გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება 2015 წლიდან გადაღებული ექვსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ერთი დღე კი მოკლემეტრაჟიან ბრაზილიურ კინოს დაეთმობა.

ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიხსნა

ბრაზილიურ კინოფესტივალს თბილისში გახსნის მრავალი პრემიის ლაურეატი ფილმი, რეჟისორ ხიუგო პრატის სურათი „ელისი" (Elis). ფილმი ბრაზილიური ესტრადის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ვარსკვლავს ელის რეჟინას ეძღვნება.

ფესტივალის სტუმრები ასევე იხილავენ ფილმებს: აფონსუ უშოას „არაბეთი", ხოსე ლუის ვილიამარიმის „მორევი", ფილიპე ბარბოზას „გაბრიელი და მთა", კაროლინა ჟაბორის „თხევადი სიმართლე" და სელტონ მელუს „ჩემი ცხოვრების ფილმი" (მთავარ როლში - ვინსენ კასელი).

ფილმები თბილისის კინოს სახლში ნაჩვენები იქნება ორიგინალში - პორტუგალიურ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით. დასწრება თავისუფალია. სეანსები 19:00 საათზე დაიწყება.

ბრაზილიური კინოფესტივალის შესახებ დაწვრილებით იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ღონისძიება საქართველოში ბრაზილიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.