თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თოჯინის დიზაინერები აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან თბილისში საავტორო თოჯინის მეორე საერთაშორისო ფესტივალზე ArtDoll Tbilisi შეიკრიბებიან, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ფესტივალის ორგანიზატორმა, თოჯინების დიზაინერმა იულია სოროკინამ.
ფესტივალი წელს 2-4 ნოემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზემსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარდება.
„ჩვენი მიზანია, თბილისელებს გავაცნოთ საავტორო თოჯინები, ვაჩვენოთ ფანტაზიის უსაზღვრო შესაძლებლობები, ასევე, შევაყვაროთ ჩვენი ქვეყანა უცხოელ ოსტატებს, ვაჩვენოთ ჩვენი შესანიშნავი დედაქალაქის სილამაზე და სტუმართმასპინძლობა", - განაცხადა სოროკინამ.
თავიანთ ნამუშევრებს თბილისში წარმოადგენენ ცნობილი ოსტატები: ელენა ტუმინსკაია, მიხაილ ზაიკოვი, ირინა ჩერეპანოვა, ოქსანა ფიოდორენკო, ირინა ჩეჩეტკო, მარატ კარაევი, ვიქტორია ცეიტელმანი, ოქსანა ვოროპაი, პარვიზ გუსეინოვი, ირინა კოდრესკო-ლუმიერი, ვლადლენა და სხვები.
ქართულ თოჯინურ ხელოვნებას ArtDoll Tbilisi-ზე 25-მდე ოსტატი წარმოადგენს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ექსპონატების ყიდვა.
ფესტივალის ფარგლებში უკრაინელი მხატვარი ვიქტორია ცეიტელმანი თოჯინის სახის გამოძერწვაში მასტერ-კლასს ჩაატარებს.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს თოჯინების გაერთიანება GeoDoll ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით.