თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საჰაერო სივრცეში ცხრა თვის განმავლობაში თითქმის 117,9 ათასი გადაფრენა განხორციელდა, რაც 2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 8,2%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა შესრულებული რეისების რაოდენობა - აფრენა-დაშვების რაოდენობა საქართველოს აეროპორტებში გაიზარდა, თუმცა სატრანზიტო რეისების რაოდენობა შემცირდა, ნათქვამია განცხადებაში.
იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში 18,8 ათასზე მეტი აფრენა-დაშვების ოპერაცია შესრულდა, რაც 16,1%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
2018 წლის ცხრა თვეში საქართველოს აეროპორტებით ისარგებლა 3,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც 22,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.
ყველაზე პოპულარულ აეროპორტად რჩება შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - იანვარ-სექტემბერში ის 2,9 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
შემდეგ მოდის ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - აღნიშნულ პერიოდში ის მოემსახურა დაახლოებით 514 ათას მგზავრს. მესამე ადგილზეა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - საანგარიშო პერიოდში მან 450,4 ათასზე მეტი მგზავრი მიიღო.
ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს კიდევ ერთი კომპანია მოემსახურება >>
2018 წლის ცხრა თვის განმავლობაში რეგულარულ და მრავალჯერად ჩარტერულ ავიარეისებს 57 ავიაკომპანია ახორციელებდა - აღნიშნულ პერიოდში მათ 3,8 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით 2018 წლის იანვარ-სექტემბერში პირველი ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: Turkish Airlines, Georgian Airways, Wizz Air, Ural Airlines Fly Dubai.