როცა სცენაზე საკუთარ ტკივილს „თამაშობ“, ბებია-კონკია და მინი-მატარებელი თეატრის სარდაფში

ვფიქრობ, უკვე გაიცვითა ფრაზა: ცხოვრება თეატრიაო... ალბათ თეატრშიც პირველ რიგში, იმიტომ დავდივართ, რომ ცხოვრების მიერ დასმულ კითხვებზე ვიპოვოთ პასუხები.
Sputnik

თეატრის და ცხოვრების ურთიერთკავშირზე, საბედისწერო დამთხვევებზე და სცენურ თუ არა სცენურ როლებზე -ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებლის თეატრის ნიჭიერ მსახიობს, ია გოგიბერიძეს გავესაუბრეთ.

როცა სცენაზე საკუთარ ტკივილს „თამაშობ“, ბებია-კონკია და მინი-მატარებელი თეატრის სარდაფში

- ქალბატონო ია, დასაწყისისთვის გკითხავთ: როდის ჩაყლაპეთ პირველად თეატრის მტვერი?

- თეატრის მტვერი პირველად 1999 წელს ჩავყლაპე და მაშინვე „მოვიწამლე“... ბავშვობაში ამა თუ იმ სიტუაციებში მსახიობურ მონაცემებს ვამჟღავნებდი ხოლმე, იმიტაციის უნარი მქონდა და ნაცნობებს მოხერხებულად ვბაძავდი. სტიმული, რომ მსახიობი გავმხდარიყავი და საკუთარი თავი ამ სფეროში გამომეცადა, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, მსახიობმა, რეჟისორმა და ტელეწამყვანმა - ნანა ახვლედიანმა მომცა. ის ბათუმის დრამატული თეატრის ცნობილი მსახიობის, ბატონ გიორგი ახვლედიანის შვილიშვილი გახლავთ. ასე რომ, თეატრზე ფიქრი რომ დავიწყე, ეს მისი დამსახურებაა. იმ დროის ბათუმში, ამ სახის სასწავლებლებიდან იყო მხოლოდ ქორეოგრაფიულ-მუსიკალური, რომელსაც სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტი ჰქონდა. ივლისის თვეში ვცადე სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება და ჩემდა გასაოცრად, აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა დავიმსახურე. სასწავლებლის რეჟისორმა მაშინ განაცხადა, რომ ვინც მაღალი შეფასება დაიმსახურა, მოდი, ისინი ეგრევე თეატრში გამოვცადოთო. გამომცადეს და... იმ დღიდან თეატრში ვარ.

როცა სცენაზე საკუთარ ტკივილს „თამაშობ“, ბებია-კონკია და მინი-მატარებელი თეატრის სარდაფში

- ანუ ჯერ სწავლა არ გქონდათ დაწყებული, რომ სცენაზე აღმოჩნდით?

-დიახ, ასე გამოვიდა. სექტემბერში უკვე ვიყავი თეატრში, სადაც ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“ იდგმებოდა და მართას როლზე მსახიობს ეძებდნენ. გამომცადეს და როლზე დამამტკიცეს. მართა კახელი პერსონაჟია და ჩემთვის, გურული გოგოსთვის, კახური კილოს ათვისება ადვილი არ აღმოჩნდა. ამას გარდა, სირთულე იყო ისიც, რომ თოჯინაც უნდა მეტარებინა. მე კი ასეთი რამ მანამდე არც მიცდია. ძალიან ვეცადე და ალბათ გამომივიდა, რახან მოეწონათ. ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი, რომელიც ქალბატონმა ეთერ თავართქილაძემ დადგა. მისი მადლობელი ვარ. ცნობილია, ვისთანაც პირველად იწყებ მუშაობას, მერე იმ ხაზს აგრძელებ მომავალშიც, ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ის კი ძალიან საინტერესო რეჟისორია. ამის მერე სურვილი გამიჩნდა, რომ თბილისში თეატრალურზე ჩამებარებინა, მაგრამ რეჟისორმა თამაზ ბოლქვაძემ კი მითხრა, რომ იმაზე დიდ სკოლას, რასაც თეატრი ჰქვია, შენ ვერსად გაივლი, დიპლომი კი მერე იქნებაო. გავიდა დრო, მაგრამ შემდეგ ინსტიტუტში არც ჩამიბარებია. კინო-ფილმ „უდიპლომო სასიძოდან“ ბიჭიკოსი არ იყოს, ასე შევრჩი უდიპლომო მსახიობი თეატრს, სადაც დროთა განმავლობაში მართლა ბევრი რამ ვისწავლე. მასწავლიდნენ რეჟისორები, მსახიობები და... კლასიკოსები, ვის მიერ დაწერილ როლებსაც სცენაზე ვირგებდი...

როცა სცენაზე საკუთარ ტკივილს „თამაშობ“, ბებია-კონკია და მინი-მატარებელი თეატრის სარდაფში

- თქვენი ერთ-ერთი გახმაურებული როლი - კონკია, ბათუმის მაყურებელს დღემდე ახსოვს...

- ეს სპექტაკლიც ქალბატონმა ეთერმა დადგა. ეს უკვე არათოჯინური სპექტაკლი იყო მოზარდ-მაყურებელთა თეატრისთვის, სადაც ე.წ. „ცოცხალი პლანით“ ვთამაშობდით. სპექტაკლში კონკია ვიყავი. ყველაზე სასაცილო ის იყო, როცა შემდეგ განახლდა ეს სპექტაკლი, მერეც მე ვიყავი კონკია. არადა, სწორედ იმ დროს შვილიშვილი შემეძინა და ამ რომანტიულ როლზე მე, ბებია-კონკია მათამაშეს. თუმცა ბებიისთვის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკი მქონდა, 34 წლის ვიყავი. სპექტაკლი იმითაც იყო საინტერესო, რომ ჩვენ ქართულ ტექსტს მორგებულ მიშელ ლეგრანის უკვდავ მელოდიებს ვმღეროდით ცნობილი კინო-ფილმიდან „შერბურის ქოლგები“. ამ სპექტაკლში არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავდა, რომელიც პრინცს თამაშობდა. ეს იყო აწ გარდაცვლილი, დრამატული თეატრის ცნობილი მსახიობი, ჩემი მეგობარი (სხვათა შორის, ჩემი შვილის სიმამრიც), ბიძინა მიქაუტაძე. კონკიას მამის როლს ასრულებდა ცნობილი მსახიობი, ბესო ბარათაშვილი, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და მენატრება. გავიდა წლები, იყო ბევრი როლი და სპექტაკლი და თეატრის გარეშე უკვე სუნთქვაც არ შემეძლო. დაახლოებით 40-მდე როლი მაქვს განსახიერებული და ჩემი ყველა როლი მიყვარს.

როცა სცენაზე საკუთარ ტკივილს „თამაშობ“, ბებია-კონკია და მინი-მატარებელი თეატრის სარდაფში

- ალბათ ამ მტკივნეულ თემას ვერ ავცდებით-ცხოვრებაში ტრაგედია გადაგხდათ. რა მოხდა მაშინ-თეატრიდან წასვლის სურვილი გაგიჩნდათ თუ ის სულიერი თავშესაფარი გახდა?

- დიახ, მოხდა ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში - შვილი დამეღუპა და მაშინ მე ხელოვნებამ გადამარჩინა... ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: ახლახან სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა“ მე რომეოს დედის როლი შევასრულე. იმ დროს როცა რომეო იღუპება არის სცენა, სადაც მე მას დავტირი... ყოველ სპექტაკლზე, ყოველ რეპეტიციაზე უნდა ნახოთ რა ხდება: ტირიან მსახიობები-სცენაზე და კულისებში, ტირიან კაპელდინერები, ტირის მაყურებელი... მე კი ყოველ ჯერზე, ალბათ, საკუთარ თავს ვთამაშობ, რადგან ეს სიტყვებიც და ტკივილიც ჩემი გულიდან მოდის... მართლაც ასეა: ზოგჯერ წაშლილია ზღვარი თეატრსა და ცხოვრებას შორის...

როცა სცენაზე საკუთარ ტკივილს „თამაშობ“, ბებია-კონკია და მინი-მატარებელი თეატრის სარდაფში

- ბათუმის თოჯინების და მოზარდ-მაყურებლის თეატრში ძალიან საინტერესო ცვლილებები მოხდა, თურმე პატარა „დისნეი ლენდი“ მოგიწყვიათ თეატრის შენობაში...

- თეატრში ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიდნენ: ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი ჩხაიძე და მმართველი - თემურ მახარაძე გვყავს. მათ მერე თეატრში რომ იტყვიან, გადატრიალება მოხდა: თანამედროვე ტექნიკა, დეკორაციები და ახალი თოჯინები შევიძინეთ. სცენა გაკეთდა. თეატრის სარდაფში, რომელიც სრულიად გამოუსადეგარი იყო, პატარა მატარებელი ჩაამონტაჟეს. ვიდრე ბავშვები სპექტაკლზე შევლენ, პატარა მატარებელში სხდებიან და სხვადასხვა ზღაპრის გმირებთან მიდიან. მოკლედ, ბავშვებისთვის საოცრება ხდება! ამას გარდა ჩვენთან თეატრალური საბავშვო სტუდია გაიხსნა, სადაც პედაგოგები ჩვენივე მსახიობები არიან. მოკლედ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ბავშვებმა ხელოვნების სამყაროს პატარაობიდანვე შეიყვარონ.

როცა სცენაზე საკუთარ ტკივილს „თამაშობ“, ბებია-კონკია და მინი-მატარებელი თეატრის სარდაფში

- მსახიობები სცენაზე ხშირად უწყობთ ერთმანეთს გაუთვალისწინებელ იონებს...

- ასეთი იმპროვიზაციების დიდოსტატი ჩვენი მსახიობი კობა ფაცურიაა, რომელიც ყოველ ჯერზე, ათას ოინს და ხრიკს გვიმზადებს. ასეთი რამ მახსენდება: საახალწლო სპექტაკლში, სადაც თოვლის დედოფალს ვთამაშობდი, გრძელი, ლამაზი კაბა შემიძინეს. ერთხელ იმ მომენტში, როცა სცენაზე შევდივარ, მესმის, რომ უკან ხმაურით - კრ-კრ-კრ-კრ -რაღაც მომდევს... რა აღმოჩნდა იცით? კობას დაახლოებით 40 ცალი „კოკა-კოლას“ ქილა მავთულზე აუკინძავს და ჩემი კაბის ბოლოს მიუმაგრებია. შვედი სცენაზე და ბავშვები კვდებიან სიცილით. არადა, მკაცრი თოვლის დედოფალი ვარ და ისეთი მონოლოგი მაქვს, რომლის დროს ბავშვებს ნამდვილად არ უნდა გაეცინათ. მაყურებელი ხარხარებდა, ნუ, სპექტაკლი იმ დღეს, ლამის, ჩაიშალა... ერთხელ, აწ გარდაცვლილი მსახიობი, თენგო სარდანაშვილი ახალი წლის მეორე დღეს, მაგარი ნაბახუსევი გახლდათ. დევს თამაშობდა და როცა სცენაზე მიწვა - ჩამოეძინა და მამა-პაპური ხვრინვა ამოუშვა. ბავშვებმა ჩათვალეს, რომ ეს რეჟისორის ჩანაფიქრი იყო. ჩვენ ვაღვიძებთ, არ ესმის. მერე ხმამაღლა დავუძახეთ: თენგო, თენგო!- შენი სიტყვაა! უცებ გამოფხიზლდა და ამოილუღლუღა: ჰოდა, დამისხით და ვიტყვი! მოკლედ, კულისებში სიცილით მოვკვდით...

თეატრი ჩემთვის ყველაფერია, სამყაროა, სადაც მაყურებელი სასწაულის სანახავად მოდის, მას არ აინტერესებს მსახიობს ტკივა თუ რა ემართება, მას უნდა რომ თეატრში სიამოვნება მიიღოს. ამიტომ სცენაზე ყველანაირი ტკივილი მავიწყდება და ვფიქრობ იმ სასწაულზე, რასაც თეატრი ჰქვია და რის ნაწილიც თავად ვარ... იქ მაყურებლისთვის ვცოცხლობ!!!