თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მცხეთაში სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამუკა ბახტაძემ და კახა კალაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს.
„მინდა ჩვენს მოსახლეობას, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე. სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის რწმენის სიმტკიცის სიმბოლო. იცით, რომ ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რაც გვაქვს და თანაც განვავითაროთ ეს ჩვენი სიმდიდრე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს დილიდან მცხეთაში ასევე პრეზიდენტობის კანდიდატები - სალომე ზურაბიშვილი, შალვა ნათელაშვილი და დავით ბაქრაძეც იმყოფებოდნენ.
„სვეტიცხოველი არის უდიდესი რელიგიური სიწმინდე საქართველოსთვის და ამასთან ერთად სიმბოლო ქართული სახელმწიფოსი, სიმბოლო ჩვენი ისტორიის და წარსულის. მთელს საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ვისურვებ, რომ თითოეულ ქართულ ოჯახში იყოს სიმშვიდე, სიკეთე და უკეთესი ხვალინდელი დღე“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.
„ვისურვებ 28 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გამოეხსნას გველეშაპს და მას გადაეფაროს უფლის კვართი. ეს არის ყველა ქართველის ნატვრა ვინც აქ შეიკრიბა,“- განაცხა „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა.
14 ოქტომბერს აღინიშნება დიდი რელიგიური დღესასწაული - მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, რომელიც უკავშირდება ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს.
მცხეთაში საზეიმო ღონისძიებები დილის 10 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვით დაიწო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესი და უნეტარესმა_ ილია II-მ აღავლინა.
მთელი დღის განმავლობაში მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
დღესასწაული გვიან ღამით, გალა-კონცერტით დასრულდება.