ილია მეორემ  საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთას ახალი იერუსალიმი უწოდა
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთაში საზეიმო წირვა აღავლინა და საქართველოს მოსახლეობას ეს დიდი დღესასწაული მიულოცა.

14 ოქტომბერს აღინიშნება დიდი რელიგიური დღესასწაული - მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, რომელიც უკავშირდება ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული მოსახლეობას პოლიტიკოსებმა მიულოცეს

„დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოისა. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, ქართველმა ადამიანმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწველოს, მოწამეების სისხლი გამოედინება მას, მაგრამ ამავე დროს, ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მეფის, პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა სვეტიცხოველში ხდებოდა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს“, - ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა ისაუბრა მცხეთის მნიშვნელობაზე და მას ახალი იერუსალიმი უწოდა.

„შემთხვევით არ არის, რომ ჩამოტანილი იყო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ისიც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს – სიწმინდეების ჩამობრძანება, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანსა ვცემთ ამ წმინდა ადგილს. გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა, ამ ადგილას დასაფლავებულიყო. თავს უღირსად თვლიდა, რომ აქ დაეკრძალათ და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც არის სამთავროს დედათა მონასტერი. ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო“, - აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველო მცხეთობა-სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს და სხვა თანამდებობის პირებს და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.