საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე აცხადებს, რომ უმუშევრობის მიზეზი ქვეყანაში კვალიფიციური კადრების არარსებობაა, რადგან შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილები არის.
ბოლო მონაცემებით, უმუშევრობის დონე საქართველოში 12,1%–ია.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, ერთი შეხედვით, მუშაობისთვის ყველაზე მეტი შესაძლებლობაა, უმუშევართა ყველაზე მეტი რაოდენობა მაინც დედაქალაქზე მოდის.
რაც შეეხება დასაქმებულ მოსახლეობას, ნახევარზე მეტი (51,3%) დაქირავებულია.
დისბალანსი შრომის ბაზარზე
მელაძის განცხადებით, მოსახლეობის პროფესიული განათლება ბაზრის მოთხოვნებს არ შეესაბამება, რაც მოთხოვნასა და წინადადებებს შორის დისბალანსს იწვევს.
„ერთი მხრივ, გვყავს სამუშაოს მაძიებლები, არსებობს რეგიონები, სადაც მცირეა სამუშაო ადგილები, ან საერთოდ მინიმუმამდეა, მეორე მხრივ, იმ ვაკანსიებზე, რაც ცხადდება, ვერ ხერხდება ადამიანების დასაქმება. ჩვენ ვიცით დამსაქმებლების, ბიზნესმენების პოზიცია, რომლებიც ინტენსიურად ეძებენ კვალიფიციურ კადრებს“, – განაცხადა მელაძემ.
მან აღნიშნა, რომ დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა სისტემურ მიდგომებს მოითხოვს და ამ პროცესში განათლების სისტემის როლი მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, საქართველო, ძირითადად, აგროწარმოების ქვეყანაა. ბოლო წლებში რეგიონებში შეიქმნა როგორც პირველადი პროდუქციის წარმოების, ისე სოფლის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები, მაგრამ სერიოზული პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში აგრონომების, ტრაქტორისტების, მექანიზატორებისა თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტების ნაკლებობაა.
„ცნობილია, რომ საქართველოში, ტრადიციულად, გვყავს კარგი მშენებლები, მაგრამ ამ სფეროში დღეს უამრავი ახალი ტექნოლოგია ინერგება, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ენერგოეფექტურ და უსაფრთხო მშენებლობაზე. საქართველოს სამშენებლო სფეროში მაღალი სტანდარტები ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაინერგა, თუმცა, ინჟინრების დეფიციტი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. დამსაქმებელთა ასოციაციაში ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე, რისი დაკმაყოფილების რესურსიც არ გაგვაჩნია“, – განაცხადა მელაძემ.
მან აღნიშნა, რომ ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა დაიწყო კადრების მომზადება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა, ეს მოკლე დროში შედეგებზე ვერ აისახება.
ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ პროფესიული განათლების პრობლემა გადაიჭრება, უმუშევრობის პრობლემა მაშინვე მოიხსნება.
„მთავარია შრომის ბაზარი იყოს შესწავლილი, იდენტიფიცირებული, რეგულირებადი და აისახოს სახელმწიფო პოლიტიკაზე“, – განაცხადა მელაძემ.
მისი თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და სხვა სახელმწიფო პროგრამების წყალობით, იქმნება მცირე საწარმოები. მეწარმეებმა სახელმწიფოს წინაშე აიღეს ვალდებულება, რომ დაასაქმონ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ „დასაქმების ასოციაციას“ საჭირო კადრების წარდგენა არ შეუძლია.
განათლების სისტემის რეფორმა
განათლების სამინისტროს მუშაობის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია პროფსასწავლებლების განვითარება და პროფესიული განათლების პოპულარიზება. ამ ზაფხულში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმა მიხეილ ბათიაშვილმა განათლების მასშტაბურ რეფორმას მიჰყო ხელი. რეფორმა განხორციელდება ხუთი მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
სკოლის მასწავლებლების ხელფასი სამჯერ გაიზრდება>>
მინისტრი პროფესიული განათლების მოქნილი მოდელის შექმნას გეგმავს, რომელიც ორიენტირებული იქნება სწრაფ დასაქმებაზე და რომელშიც, როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა.
პირველ ეტაპზე, 2018–2019 წლებში, გათვალისწინებულია პროფსასწავლებლების რაოდენობის ზრდა. ხოლო 2019–2022 წლებში კი პროფსასწავლებლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციების პერსონალს ხელფასს მოუმატებენ.