თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. დღეიდან ძალაში შევიდა უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი რეგულაციის თანახმად, იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა, აუცილებელია, რომ იგი მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში სულ მცირე 185 დღე.
რა მანევრების ჩაბარება ევალებათ მართვის მოწმობის აღების მსურველებს>>>
საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს ვადიანი უცხოური მართვის მოწმობა, მისი ქართული მართვის მოწმობით შესაცვლელად, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:
• განცხადება (ივსება ადგილზე);
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა;
• კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის არარსებობის ფაქტს);
• ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
• მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა.
სააგენტოს აღნიშნული რეგულაცია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს (2006/126/EC) დირექტივას შეესაბამება და იგი ხელს შეუწყობს ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლის პროცესში თანაბარი მიდგომის ჩამოყალიბებას.
მომსახურების სააგენტომ ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე განახორციელა.
რაც შეეხება საერთაშორისო მართვის მოწმობის ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გაცემას, მას შსს-ს მომსახურების სააგენტო 3 წლის ვადით გასცემს. როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობას "საგზაო მოძრაობის შესახებ" კონვენციის წევრი სახელმწიფოები აღიარებენ იმ ვადით, რა ვადაც შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი.