სუს-მა ირანის მოქალაქეები საქართველოში უკანონო საქმიანობის გამო დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ირანელები საქართველოდან ირანის საბანკო სისტემაში ფულად გზავნილებს აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით აგზავნიდნენ.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) თანამშრომლებმა საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით სამ პირს ბრალი წაუყენეს

გამოძიების ინფორმაციით, ირანელები საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულად გზავნილებს აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით აგზავნიდნენ.

„ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვის განმახორციელებელი პირები აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, თბილისში ირანის მოქალაქეების ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით თანხა, „შავი ბუღალტერია" და ირანული წარმოების ტერმინალები ამოიღეს, რითიც დადასტურდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში შესაძლო სხვა მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.