შარდენზე ღვინის ფესტივალი გაიმართება

ღვინის დეგუსტაციასთან ერთად ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, შარდენზე 13 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალი 2018 “ გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ღვინით შექმნილი ნახატები გამოიფინება

შარდენზე, სიონის ქუჩაზე ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება. ღონისძიება 13 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალზე ღვინის მცირე, საშუალო და დიდი მეწარმეები სტუმრებს საკუთარ ნახელავს წარუდგენენ. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ სტუმრებს ქართულ ტრადიციულ პურსაც შესთავაზებს, ასევე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ჩურჩხელა, ჩირი და ქართული ყველი.

სტუმრები იხილავენ მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ღონისძიებებს, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს და მიმების წარმოდგენას იხილავენ.