თბილისში ღვინით შექმნილი ნახატები გამოიფინება

„ღვინის" სურათების გამოფენა ღვინის ბარ-მაღაზია Amber-ში გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მხატვარი თამუნა მელიქიშვილი თბილისში წარმოადგენს საფერავით შექმნილ თავის ნახატებს, ნათქვამია ღონისძიების Facebook-განცხადებაში.

გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით „საფერავი, როგორც ფერი" ხუთშაბათს ღვინის ბარ-მაღაზია Amber-ში გაიმართება.

„საფერავი, როგორც საღებავი. ამაზე ნატურალური რაღა უნდა იყოს... ზოგჯერ ნეპალური პიგმენტის ფხვნილს ვუმატებ, ინტენსივობისთვის. თავიდან ქაღალდს ღვინის სუნი აქვს, სხვადასხვა ფაქტურაზე განსხვავებულად ჯდება. ერთგვარი თამაშია, რაღაც არქაულ გართობას ჰგავს", – აღნიშნავს მხატვარი.

გამოფენა ერთი დღით: თბილისელი მხატვარი წარმოგიდგენთ

ის ამბობს: „რაღაც მემკვიდრეობითობის ლოგიკა მინდა დავიჭირო ყოფილი დუქნების უბანში და საფერავით დახატული ნახატები „ამბერბარის" სივრცეში გამოვფინო... საექსპოზიციო სივრცის მრავალფეროვნება არის ის სატყუარა, რომელსაც სიამოვნებით მივყვები, და რაც უფრო შორდება აკადემიურობას, მით უფრო მაინტერესებს".

საღამოზე იქნება ცოცხალი მუსიკა და, რა თქმა უნდა - საფერავი.

თამუნა მელიქიშვილი 53 წლის თბილისელი მხატვარია. დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია. მისი ნამუშევრების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ეროტიზმი.