საპატრიარქო: საქართველო უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ უჭერს, ის შეფასებისგან თავს იკავებს

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინის საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოთქვა.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა.

უცხოურ პრესაში პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის შესახებ, მათ შორის, ასეთი ინფორმაცია გავრცელდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის ანდრეი პარუბის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, სხვადასხვა პოზიციის მომხრეები ინფორმაციას მათთვის სასარგებლო მხრიდან წარმოაჩენენ.

„უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რეალობას არ შეესაბამება", – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ილია მეორემ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრისას პარუბიმ განაცხადა, რომ უკრაინა ერთიანი უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის მიღწევას ცდილობს, რაც როგორც ხელისუფლების, ისე მიტროპოლიტ ონოფრეს დაქვემდებარებაში მყოფ და ყველა სხვა იერარქთა მოთხოვნაზე და კანონიკურ საფუძველზე უნდა იყოს დამყარებული.

„თუ ეს განხორციელდა, ბუნებრივია, მისასალმებელი მოვლენა იქნება, მაგრამ, როგორც ჩვენი მხრიდან აღინიშნა, ეს ადვილად მისაღწევი ამ ეტაპისთვის არ ჩანს", – აღნიშნულია ქართული ეკლესიის განცხადებაში.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სიფრთხილე, რათა არ მოხდეს დაპირისპირება საზოგადოებაში და კიდევ უფრო რთული პროცესების განვითარება.

„რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იგი არის უცვლელი და, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გულისხმობს შემდეგს: ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინოპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისგან თავს შეიკავებს", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო იმედოვნებს, რომ უკრაინაში ეკლესიის საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება>>

უფრო ადრე მოსკოვის საპატრიარქომ წერილი გამოგზავნა საქართველოს საპატრიარქოში, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი აუცილებლად უნდა განიხილონ მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის კრებაზე.

ამ დროისათვის უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც თვითმმართველი ეკლესიაა მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობის მიერ არაღიარებული საეკლესიო სტრუქტურები – "კიევის საპატრიარქო" და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია.