ივანიშვილის დენდროლოგიური პარკები ორი წლის განმავლობაში გაიხსნება

პარკი სოფელ წვერმაღალასთან 2019 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, ხოლო დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში – 2020 წლის ზაფხულში.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი დენდროლოგიური პარკები გურიაში 2019 და 2020 წლებში გაიხსნება, აღნიშნულია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებაში.

მისი თქმით, ბოლო დროს მასმედიაში ივანიშვილის ინიციატივით ორი დენდროლოგიური პარკის მოწყობასთან დაკავშირებით ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, რიგ შემთხვევებში „პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიასაშუალებებმა" შეგნებულად გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია.

„თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო საჭიროდ მივიჩნევთ ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში. გახსნისთანავე ორივე პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის დენდროპარკის მორიგი ბინადარი ფოთში ინციდენტის მიზეზი გახდა

ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესახებ უკვე მესამე წელია, რაც ლაპარაკობენ. თითოეული მრავალწლიანი ხის იქ ტრანსპორტირებას თან ახლდა ოპოზიციის და ხანდახან ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წამოწყებული აჟიოტაჟი. ისინი ივანიშვილს ბუნების განადგურებაში სდებდნენ ბრალს.

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ დენდროლოგიური პარკების შექმნაზე კოლოსალურ ფულს ხარჯავს. მისი თქმით, ეს ფული არ ღირს ამ საქმედ, თუმცა მზადაა ამაზე თვალი დახუჭოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ბიუჯეტში უკვე შევიდა 14 მილიონი ლარი, ასევე შეიძინეს სამი ბორანი და სატვირთო ავტომობილი, რომლებსაც უზარმაზარი ხეების გადატანა შეუძლიათ. ეს ყველაფერი მომავალში საქართველოს დარჩება.