ვიკა სიმონიანი 24 წლის დიზაინერია. უკვე ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე მის მიერ შექმნილი ნაქსოვი ჩანთებისა და ტანსაცმლის ბრენდი Woolen Stories გამოჩნდა. დახვეწილი, სადა, ორიგინალური ტანსაცმელი ქართველმა მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო და მოიწონა, რამაც ბრენდის პოპულარობა განაპირობა.
– ბავშვობიდან მიყვარდა კერვა. მუდამ ნემსი, ძაფი და ნაჭრები მეკავა ხელში და ჩემ თოჯინებს და საკუთარ თავს ვუკერავდი ტანსაცმელს. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ქსოვის პედაგოგი იყო და სხვებს ასწავლიდა დაზგაზე ქსოვას, ქსოვის მიმართ გულგრილი ვიყავი. არაერთი მცდელობა ჰქონდა, რომ ჩემთვისაც ესწავლებინა ქსოვა, მაგრამ რატომღაც გულს ვერ ვუდებდი. პირველად 15 წლის ასაკში ვცადე ქუდის მოქსოვა. კარგი ნამუშევარი გამოვიდა და ჩემ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
– ქსოვის გარდა სხვა ხელსაქმესაც ფლობთ?
– როგორც აღვნიშნე, კერვაც ვიცი. თავიდან ჩემით ვისწავლე, შემდეგ ინდივიდუალური კერვის კურსები გავიარე, რომ პროფესიონალურ დონეზე დავუფლებოდი. ჩავეწერე გლდანის პროფესიულ კოლეჯში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინზე.
– როდის გადაწყვიტეთ თქვენი ჰობი შემოსავლის წყაროდ გექციათ?
– რა თქმა უნდა, ამაზე დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ ჩემ თავზე დიდ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებდი. როცა გადაჭრით გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი ბრენდი Woolen Stories, ორსულად ვიყავი, თან წოლითი რეჟიმი მქონდა, ვინაიდან ორსულობას თან ახლდა რიგი გართულებები. ვიცოდი, რომ ამ საქმეს დიდ დროს ვერ დავუთმობდი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა და მჯეროდა, რომ ჩემი ჩანაფიქრი და იდეები გაამართლებდა. შევქმენი Instagram-ის გვერდი, დედაჩემს 50 ლარი მივეცი და ვთხოვე, რომ ჩემთვის ეყიდა ძაფები და მოექსოვა რამდენიმე ქუდი. ესკიზები დავუხატე, მან კი ზუსტად ისეთი ქუდები მომიქსოვა, როგორიც მე მინდოდა. შემდეგ მზა მოდელებს სურათები გადავუღე, საიტზე განვათავსე. პირველივე დღიდან მომხმარებლისგან ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა, რამაც უდიდესი სტიმული შემმატა. შემდეგ უკვე მე თავად ვუძღვებოდი საქმეს.
– როგორ ფიქრობთ, იდეამ გაამართლა?
– ჩემი აზრით, გაამართლა, რადგან უკვე არაერთი ადამიანი იცნობს Woolen Stories ბრენდს. გვყავს ჩვენი მუდმივი მომხმარებლები და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ იმედები არ გავუცრუო ჩვენს ქალბატონებს.
– რა ტიპის სამოსს ქმნით?
– ვქსოვ ყველაფერს, რისი მოქსოვაც შეიძლება. თავდაპირველად ვქსოვდი ხელნაკეთ ჩანთებს, ქუდებს, კაშნეებს. ახლა უკვე ჩვენს კოლექციას შეემატა სვიტერები, კაბები, ქვედაბოლოები. ეს ყველაფერი იქსოვება როგორც ხელით, ისე დაზგით. კიდევ ბევრი საინტერესო იდეები გვაქვს სამომავლოდ.
– ფერებთან მიმართებაში რამდენად თამამი ხართ?
– რაც შეეხება ფერებს, ვცდილობ ძირითადად ღია, ნათელ და ნაზ ფერებზე ვიმუშაო. თავს არ ვზღუდავ და ვცდილობ მოდის ტენდენციებს არ ჩამოვრჩე, რადგან ქართველ ქალბატონებს აქვთ თანდაყოლილი ესთეტიკის გრძნობა და ძალიან დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი სამოსი ყველა ქალბატონის გემოვნებას აკმაყოფილებდეს.
– საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყიდება თქვენი ნაქსოვები?
– ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთის ბაზარზე შევძელით ჩვენი ბრენდის გატანა. ძალიან ბევრი შოურუმი გვთავაზობს თანამშრომლობას და დიდი მოწონება დავიმსახურეთ რუსი ქალბატონებისგანაც. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ერთი შეკვეთის მერე კიდევ რამდენიმეს გვიკვეთავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიმსახურეთ მომხმარებლის მოწონება. ასევე ვთანამშრომლობთ Moda.Tour.Tbilisi-სთან, რომელიც ბევრ ჩამოსულ ტურისტს აცნობს ჩვენ ბრენდს და ეს გვაძლევს საშუალებას ევროპის მასშტაბითაც გაგვიცნოს ხალხმა.
– ქსოვის არაერთი მეთოდი არსებობს, ყველა მათგანს ფლობთ?
– ჩემი შექმნილი პროდუქტის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვარ და ვფიქრობ, რომ ჯერ ქსოვის მხოლოდ მინიმუმს ვფლობ. ვცდილობ ყველა მომდევნო სამოსი უფრო დავხვეწო და უფრო მიმზიდველი გავხადო. ყოველი ახალი მოდელის შექმნისას რაღაც ახალს ვსწავლობ და ვთვლი, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი, რათა შედეგი საუკეთესო იყოს.
– დღეს რა სტილის ნაქსოვია მოდაში, რა ფერებს ანიჭებენ უპირატესობას?
– მოდა ყოველწლიურად იცვლება, მაგრამ შეუცვლელი რჩება ინდივიდუალური სტილის აღქმა. კონკრეტული პიროვნებები გვაძლევენ საშუალებას ტენდენციების გათვალისწინებით შევქმნათ განუმეორებელი სტილი. წელს განსაკუთრებით ბრჭყვიალა ძაფებით მოქსოვილი სამოსი და ქუდებია მოდაში. ნაზი ჩალისფერი, ყავისფერი, მწვანე, ყვითელი და, ზოგადად, ბუნების ფერებს მაქსიმალურად მიახლოებული ფერებია მოდაში.
– ძვირი ჯდება ნაქსოვი ტანსაცმელი?
– დიახ. ძაფებს ყოველთვის ყველაზე ხარისხიანს ვარჩევ და, შესაბამისად, ჩვეულებრივ ძაფზე ძვირი მიჯდება. ქსოვის დროს ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ხშირად ხდება ისე, რომ არ გამოდის როგორსაც გეგმავდი. ამ დროს დამატებითი ძალისხმევა და დრო მჭირდება, რომ ის შედეგი მივიღო, რაც მინდოდა. სანამ შეკვეთას დავასრულებ და მივა მომხმარებლამდე, ძალიან ბევრს ვნერვიულობ – როგორ მოეწონებათ და რამდენად კმაყოფილები დარჩებიან.
– ბავშვის ტანსაცმელსაც ქსოვთ. რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ხარისხიანი მასალა და როგორ ძაფებს ანიჭებთ უპირატესობას?
– უპირატესობას იტალიური ბაბინის ძაფებს ვანიჭებ, რომლის საშუალებითაც ტანსაცმელი იღებს ულამაზეს ფორმას და ინარჩუნებს მდგრადობას. ხარისხიც უფრო მაღალია და სამოსსაც ეტყობა. საბავშვო შეკვეთების შემთხვევაშიც იგივე ძაფებს ვხმარობ, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როცა ბავშვს შალზე ალერგია აქვს, ასეთ დროს ანტიალერგიულ საბავშვო ძაფს ვიყენებთ.
– დეკორაციებსაც აკეთებთ?
– დიახ, ვცდილობ გავაკეთო, მაგრამ ყველა მოდელზე ვერ ვახერხებ, რადგან ძალიან შრომატევადია და ცალკე დრო სჭირდება. როცა ძალიან დაღლილი არ ვარ, ღამით, ყველას რომ სძინავს, ვჯდები და სხვადასხვა დეკორაციებს ვქმნი.
– რა ღონისძიებებში და პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
– სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ერთ-ერთ ბავშვთა სახლს დავეხმარეთ და ჩვენი თბილი ქუდებით და კაშნეებით მოვამარაგეთ, იმედია, კიდევ მოგვეცემა შანსი იმისა, რომ დავეხმაროთ უსახლკარო ბავშვებს.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სამომავლოდ ძალიან ბევრ რამეს ვგეგმავთ. დასაწყისისთვის მინდა პატარა საწარმო გავხსნა, სადაც შევძლებ ჩემი კოლექციის გაფართოებას. ამისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო და მე თავს არ დავზოგავ, რათა სულ მალე ჩემი გეგმები რეალობად იქცეს.