თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოეყო, ოპოზიციური ფრაქციის „საქართველოს პატრიოტები“ რიგებში გაწევრიანებას გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ დაშლის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ის დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დატოვა. ჩხეიძე თანამოაზრეებზე იმის გამო განაწყენდა, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს ტელეკომპანია Iberia TV–ს, რომლის თანადამფუძნებელიც ჩხეიძეა. ტელეკომპანია დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან, მრავალმილიონიანი გადასახადების დავალიანების გამო, დააყადაღეს თამბაქოს კომპანიის Omega Group Tobacco ანგარიშები. ორივე კომპანია Omega Group–ში შედის.
„ირმა ინაშვილთან საუბარი მქონდა. მათი თხოვნა იყო, რომ ფრაქციის შევსება მოხდეს მანამდე, ვიდრე სხვა რომელიმე დეპუტატს მოელაპარაკებიან. იმისათვის, რომ ფრაქციის ინიციატივები და ტრიბუნა არ გაუქმებულიყო, ფრაქციის წევრი მანამდე ვიქნები, ვიდრე სხვას მოელაპარაკებიან. თუმცა ისევ დამოუკიდებელ დეპუტატად ვრჩები“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ ექვსი დეპუტატია საჭირო. ჩხეიძის „საქართველოს პატრიოტებიდან“ წასვლის შემდეგ პარტიას პარლამენტში მხოლოდ ხუთი დეპუტატი დარჩა.
დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობა, კერძოდ, ფრაქცია „ქართული ოცნება" დატოვა, ის მმართველი პარტიის რიგებიდან ივლისში თავისი კოლეგების მიმართ მკვეთრი გამოსვლების გამო გარიცხეს.