ბასილაშვილის მორიგი წარმატება, გაგუდული მაკგრეგორი და სენსაციები ევროპულ ფეხბურთში

კვირის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს Sputnik საქართველოს ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია გაგაცნობთ.
Sputnik

ზაფხულიდან მოყოლებული, სპორტული პრესა აჭრელებული იყო UFC-ში, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორისა და რუსი ჰაბიბ ნურმაგომედოვის მოსალოდნელი დაპირისპირების ამსახველი მასალებით. სპორტის ამ სახეობის დიდად მოყვარული არ გახლავართ და არც დიდი ენთუზიაზმით ვადევნებდი თვალყურს წინასამატჩო პერიპეტიებს, მაგრამ ძალაუნებურად მხვდებოდა თვალში ხან ერთის და ხანაც მეორის, რბილად რომ ვთქვა ულამაზო გამოხდომები; განსაკუთრებით ირლანდიელი გამოირჩეოდა. მისი ბაქი-ბუქიდან ცხადი იყო, რომ დიდი ვერაფერი მოჩხუბარი, ამგვარად ცდილობდა ყურადღების მიქცევას. დღეს, გამთენიას, ლას-ვეგასში შედგა მათი დაპირისპირება, რომელიც საყურებლად უინტერესო გამოდგა და რუსმა მეოთხე რაუნდში კინაღამ გაგუდა ბრიტანელი, მერე მის მომხრეებს დაერია და ბოლოს ორგანიზატორებსაც შეუტია. მოკლედ, ვინც გემრიელად გამოძინება არჩიეთ ამ შეხვედრის ყურებას, აშკარად მოგებულები დარჩით, რადგან შეგიძლიათ მშვიდად უყუროთ ჩანაწერში, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

ჩემთვის და სავარაუდოდ ქართველი სპორტის მოყვარულებისთვის, უფრო მნიშვნელოვანი ასევე შორეულ პეკინში ხდებოდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისევ გაგვახარა, ზედიზედ დაამარცხა რეიტინგში მასზე წინ მყოფი ჯ. სოკი (წელს უკვე მეორედ), ფ. ვერდასკო, მალიქ ჯაზირი,  კაილ ედმუნდი და ჩინეთის ღია პირველობის ფინალში, დღეს, მსოფლიოს მეოთხე ჩოგან ხუან მარტინ დელ-პოტროს შეხვდა. გასულ წელს, ასევე ჩინეთში, შანხაის ტურნირზე შედგა მათი პირველი დაპირისპირება, რომელიც არგენტინელმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო 2:1. როგორც არ უნდა დასრულებულიყო დღევანდელი შეხვედრა, ნიკას რეიტინგში დაწინაურება არ ასცდებოდა და პირველად მოხვდებოდა 30 საუკეთესოს შორის. ჩოგბურთში უძლეველები არ არსებობენ, ბასილაშვილი ჩინებულ ფორმაშია, დასაკარგიც არაფერი აქვს და  მისი გამარჯვება არ გამიკვირდებოდა. ქართველ ქომაგებს ამ შეხვედრის ნახვის საშუალება ჰქონდათ და ეჭვი არ მეპარება დიდი სიამოვნებაც მიიღეს. გამარჯვება ასეთ სახელიან მეტოქესთან თავისთავად სასიხარულოა, მაგრამ ყველაფერზე მეტად გამახარა მისმა ხარისხიანმა თამაშმა. ეს უკვე კლასის მაჩვენებელია. იმედი მაქვს, ნიკას წინ უფრო დიდი გამარჯვებები ელის და ამის საფუძველს სწორედ წლევანდელი სტაბილური გამოსვლა მაძლევს. ვინაიდან ფინალის ხილვა silk tv-ზეც შეგიძლიათ გთავაზობთ ნახევარფინალურ შეხვედრას კაილ ედმუნდთან.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელსაც 24 სექტემბრიდან - 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა

ჩვენებმა ბოლო შეხვედრა სომხეთის საკმაოდ ძლიერ გუნდთან დამაჯერებლად მოიგეს 3:1. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა გაიმარჯვეს, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა კი ყაიმზე შეუთანხმდნენ მოწინააღმდეგეებს.  ნაკრების საბოლოო შედეგი კონკურენტების თამაშზე იყო დამოკიდებული. ჩინეთმა ბოლო ტურში რუსეთთან ფრედ ითამაშა და 18 ქულით ჩემპიონი გახდა.

ჩინელებმა ტიტული დაიცვეს. მართალია, ამდენივე ქულა დააგროვა უკრაინამ, მაგრამ ჩემპიონობა უარესი დამატებითი მაჩვენებლების გამო დათმო. საქართველოს ნაკრებმა 17 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რომ არა არაკონკურენტ გუნდებთან დაკარგული ქულები, დღეს ჩვენი გუნდი საჩემპიონო შეხვედრას ჩაატარებდა, მაგრამ საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა რაც, ცუდი შედეგი არ არის.

ქართველი მოჭადრაკე ქალები ბათუმის ოლიმპიადაზე პირველად დამარცხდნენ

ქალთა მეორე გუნდმა 11 ტურში მოპოვებული, 7 გამარჯვებით, 3 მარცხით და 1 ყაიმით საბოლოოდ 16 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე გავიდა. ბოლო ტურში ჩვენმა გოგონებმა დაამარცხეს ჩეხეთი 2,5:1,5, რომელთანაც მთავარმა ნაკრებმა გუშინ ოქროს ქულა დაკარგა და ფრედ ითამაშა. ქალთა მესამე გუნდი  41-ე ადგილზე გავიდა. საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ბოლო ტურში ესპანეთთან 2:2 ითამაშა და ოლიმპიადაზე გამოსვლა 14 ქულით დაასრულა - 11 ტურში, 5 გამარჯვება, 3 მარცხი და 3 ყაიმი და 28-ე პოზიცია, რაც სამწუხაროდ არ გახლავთ სახარბიელო შედეგი.

ვერც მეორე და მესამე ნაკრებებმა ივაჟკაცეს და შესაბამისად 43-ე და 51 ადგილები გაინაწილეს.

ბებერ კონტინენტზე გრძელდება საფეხბურთო ჩემპიონატები და არც ხმაურიანი სენსაციები გვაკლია. ინგლისელი ქომაგები ყოველ დღე ელიან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს განთავისუფლებას. გუშინ, საკუთარ მოედანზე ჟოზეს გუნდი აშკარა აუტსაიდერ „ნიუკასლს“ ხვდებოდა და უკვე მეათე წუთზე 0:2-ს აგებდა. არ ვიცი რა უთხრა თავის ფეხბურთელებს შესვენებაზე მოურინიომ, მაგრამ მეორე ნახევარში „წითელმა ეშმაკებმა“ ძალიან მოინდომეს და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს სტუმრებს. მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა მწვრთნელმა გაღიზიანებულმა ისაუბრა:-„ 55 წლის კაცი ვარ და ფეხბურთში ვინმეზე ნადირობას პირველად ვხედავ. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა და ამით მე საუკეთესო მენეჯერი და საუკეთესო ადამიანი ვხდები. ხვალ ლონდონში მივდივარ და თუ იწვიმა, ჩემი ბრალი იქნება. ბრექ-სიტიც ჩემი ბრალია. დებიუტში ჩემი გუნდის თამაში პანიკას გავდა. შესვენებაზე პროდუქტიული საუბარი გვქონდა და ერთმანეთს დავპირდით, რომ მოვიგებდით. ბიჭებმა ამისათვის ყველაფერი გააკეთეს.“

გერმანიაში ბოლო წლების მუდმივი ფავორიტი მიუნხენის „ბაიერნი“ თავის თავს არ გავს. ბავარიელებმა ზედიზედ მეორედ წააგეს, ამჯერად შინ მიუნჰენგლადბახის „ბორუსიასთან“ 0:3 შერცხვენ და ცხრილში მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდნენ. აქაც, ცუდ დღეშია, გუნდის ახალი თავკაცი ხორვატი ნიკო კოვაჩი და არ არის გამორიცხული მალე კარისკენ მიუთითონ.

ასევე წყალი აქვს შეყენებული ესპანური სამეფო კლუბის დამრიგებელ ხულიან ლოპეტეგის, ბოლო სამ შეხვედრაში „რეალმა“ ერთადერთი ქულა აიღო, გუშინ  სტუმრად, ბასკურ „ალავესთან“ 0:1 წაგება მართლა დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ვერც მადრიდელთა მუდმივი კონკურენტი კატალონიური „ბარსელონა“ ყოჩაღობს, ამათაც ბოლო სამ შეხვედრაში 2 ქულა აირეს და დღეს ვალენსიაშიც თუ დაუცდათ ფეხი გასაწირად გამზადებულ მწვრთნელთა სიას ერნესტო ვალვერდეც შეუერთდება.

იტალიაშიც ელოდებიან მწვრთნელთა დროზე ადრე გამოცვლას. ბევრი სპეციალისტის ვარაუდით, „მილანის“ მესვეურები რენატო გატუზოს ფეხის დაცდენას ელიან და მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს მოიაზრებენ. თუმცა გატუზო ჯერ „უძლებს“. გათამაშებას კი უდანაკარგოდ ლიდერობს „იუვენტუსი“, კრიშტიანო რონალდოც ნელ-ნელა უშინაურდება გუნდს და  გუშინ „უდინეზესთან“ მოგებულ შეხვედრაში მორიგი გოლიც გაიტანა.

დღეს ამით დავასრულებ გასული კვირის სპორტულ მიმოხილვას და  იმედი მაქვს მომდევნო დღეებში ქართველ სპორტსმენთა მორიგი გამარჯვებებით გაგახარებთ.