ქართული ავიაკომპანია ევროპის ხუთ ქალაქში იწყებს ფრენას

რეისების ევროპულ ქალაქებში ზამთრის პერიოდში, კვირაში ორ–სამჯერ შესრულდება
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines რეგულარულ რეისებს შეასრულებს რომში, დიუსელდორფში, ბუდაპეშტში, მიუნხენსა და ათენში, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

პირდაპირი რეისები ევროპულ ქვეყნებში ზამთრის სანავიგაციო პერიოდში შესრულდება.

საქართველოს აეროპორტები სულ უფრო მეტ მგზავრს იღებენ

რეგულარული რეისი თბილისი-რომი-თბილისი შესრულდება კვირაში ორჯერ – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 მარტამდე; რეისი თბილისი-დიუსელდორფი-თბილისი შესრულდება კვირაში ხუთჯერ – ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას, 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე.

ავიარეისები თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი შესრულდება კვირაში სამჯერ – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე.

თბილისი-ათენი-თბილისის რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე; ხოლო თბილისი-მიუნხენი-თბილისი კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების ნებართვა ავიაკომპანია MyWay Airlines–ს უკვე მისცა.

MyWay Airlines დააფუძნა ჩინურმა კომპანია Hualing Group–მა.