ქართული ტყავის ჩანთები საფირმო ნიშნით „კალანდა“ ჰოლანდიაში გამოიფინება

საბედნიეროდ, ჩვენში დღეს ბევრი საინტერესო ხელნაკეთი პროდუქტი იქმნება. ჩვენ გზადაგზა ვცდილობთ მათგან გამორჩეულები ჩვენს მკითხველს წარვუდგინოთ.
Sputnik

დღეს გაგაცნობთ ნათია გვიმრაძეს, რომლის შექმნილი ჩანთები საფირმო ნიშნით „კალანდა“ საქართველოსა და ჰოლანდიაშია შექმნილი. ეს ჩანთები ხელნაკეთ პროდუქციაა, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული. ყოველ მათგანზე ასახული კომპოზიცია ჰოლანდიაში მცხოვრები ნიჭიერი მხატვრის, ზურაბ კალანდაძის ნამუშევრების მოტივებზეა შექმნილი.

ჩანთების გრაფიკული კომპოზიცია ორგანულ მინაზე ლაზერითაა ამოკვეთილი. თავად ჩანთები ხელით დამუშავებული მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავისგანაა დამზადებული. თითოეული კომპიზიცია და აქედან გამომდინარე, ჩანთაც არ მეორდება და ექსკლუზიურ ნიმუშს წარმოადგენს. ადრე ნათია ქართული ცეკვით იყო გატაცებული, უყვარს ქართული სიმღერა, მხატვრობა და დეკორატიული ხელოვნება.

ქართული ტყავის ჩანთები საფირმო ნიშნით „კალანდა“ ჰოლანდიაში გამოიფინება

- ნათია, როგორ გაგიჩნდათ ჩანთების შექმნის იდეა?

-ეს იდეა ჩვენი ოჯახის გარემოში გაჩნდა. დაახლოებით ათი წლის წინ ჰოლანდიის რამდენიმე გალერეაში გამოვფინეთ ტილოს ჩანთები, რომლებიც ხელით იყო მოხატული. მათთან ერთად პარალელურად იფინებოდა ჩემი მეუღლის მამის მიერ ორგანული მინით გაკეთებული სკულპტურები და მოზაიკური პეიზაჟები, რომლებსაც საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა. მათი დიზაინის დამუშავებაში გარკვეულ მონაწილეობას ჩვენც ვიღებდით. შემდეგ ორგანული მინის გამოყენებამ სხვადასხვა მიმართულებითაც გაგვიტაცა. ჩემმა მეუღლემ გამოსცა წიგნების სერია ორგანული მინის ყდით. რამდენადაც ვიცი, ეს სიახლეა არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც. სწორედ ამ მოვლენებმა განავითარა ჩემი ძველი იდეა, რომ შემექმნა პროდუქტი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ქართულ ესთეტიკასა და ტრადიციაზე და ამასთანავე სიახლეც იქნებოდა.

- ტყავისა და ორგანული მინის მიქსი იშვიათია...

- რატომღაც განსაკუთრებით მხიბლავდა ტყავის ნაწარმი. ამიტომაც გადავწყვიტე ტყავთან კომბინაციაში გამომეყენებინა ორგანული მინა (ორივე მასალა ეკოლოგიურად სუფთაა), რომელზეც ხელოვნების ნიმუში იქნებოდა ამოტვიფრული. ასე გარდაიქმნა ტილოს მოხატული ჩანთებისა და ორგანული მინით შექმნილი მხატვრული ნამუშევრები -მოდური აქსესუარის შექმნის იდეად.

ქართული ტყავის ჩანთები საფირმო ნიშნით „კალანდა“ ჰოლანდიაში გამოიფინება

- თქვენ მიერ დამზადებულ ჩანთებზე ზურაბ კალანდაძის ნახატებია დატანილი...

-დიახ, ჩანთის კომპონენტად გამოყენებულ ორგანულ მინაზე ზურაბ კალანდაძის ხელოვნების ნიმუშებია დატანილი. იგი ოცდახუთ წელზე მეტია ჰოლანდიაში მოღვაწეობს და ცნობილია ფსევდონიმით „კალანდა“. მის შემოქმედებას როგორც ჰოლანდიელი ასევე ამერიკელი, რუსი და ქართველი კრიტიკოსები ახასიათებენ როგორც მოდერნისტულ მხატვრობას, რომელიც ქართულ ტრადიციულ ესთეტიკასა და მსოფლმხედველობაზეა დაფუძნებული. თვით სტილს კი მითოპოეტურ რეალიზმს უწოდებენ. ამავე დროს ქართულ ანბანთან მისი გრაფიკული ნამუშევრების კავშირის შესახებაც აღნიშნავენ. მათი აზრით, ქართული ანბანის მრგვლოვანი ფორმები ხსენებული გრაფიკების ხაზობრივი დინამიკის საფუძველია. კრიტიკოსების აზრით, შტრიხთა მრგვლოვანი ფორმები გრაციოზულია, სტილისტურად გამორჩეული და ადვილად ცნობადი. ეს ფაქტი ჩანთის ორიგინალურ ფორმებთან კომბინაციაში მის ცნობადობას და ქართულ კულტურასთან კავშირს ამყარებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩანთა მთლიანად ხელითაა შეკერილი, მისი რაოდენობა ლიმიტირებულია და მასიურ წარმოებაზე არ არის გათვლილი. 

ქართული ტყავის ჩანთები საფირმო ნიშნით „კალანდა“ ჰოლანდიაში გამოიფინება

-ჩანთა და ფეხსაცმელი ერთნაირად აუცილებელი აქსესუარია ქალისთვის. თქვენი ჩანთები რა სიტუაციებზეა გათვლილი?

-ჩვენი პროდუქტი ეფექტური აქსესუარია გემოვნებიანი ქალბატონებისთვის. იგი უხდება, როგორც ყოველდღიურ ელეგანტურ სტილს, ასევე საღამოს ტიპის სამოსსაც.  ჩვენ ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ორიგინალურობა, მაღალი ხარისხი და ულტრათანამედროვე აქცენტები. ჩანთის პირველი ეგზემპლარი გარკვეულწილად რელიქვიური დატვირთვისაა და განუყრელად მოგზაურობს მის შემქმნელთან ერთად.

ქართული ტყავის ჩანთები საფირმო ნიშნით „კალანდა“ ჰოლანდიაში გამოიფინება

-ჰოლანდიელ ქალბატონებს რამდენად მოსწონთ ისინი?

-ამ პროდუქტის წარდგენა სულ ახლახანს მოხდა. გამოხმაურებები უფრო მეტია ვიდრე ველოდით. ჰოლანდიური სამხატვრო გალერეა დაინტერესდა მისი წარდგენით, როგორც ხელოვნების ნიმუშის და ოქტომბერში მისი ჩვენება გაიმართება. მაშინ უფრო ვრცლად გავიგებთ ჰოლანდიელი ქალბატონების აზრს.

-რას იტყვით ქართველ მომხმარებელზე?

-დიდი სტიმულია ჩვენი ნაწარმისგან გამოწვეული თითოეული ადამიანის გულახდილი აღფრთოვანება. მადლობას ვუხდი ყველას დადებითი ემოციებისა და ინტერესისთვის. ქართველი მომხმარებელი საკმაოდ გემოვნებიანი და მომთხოვნია, მათი სიმპათია ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.

ქართული ტყავის ჩანთები საფირმო ნიშნით „კალანდა“ ჰოლანდიაში გამოიფინება

-როგორც თქვენ აღნიშნეთ ჩანთებზე ზურაბ კალანდაძის ნამუშევრების მოტივებია გამოყენებული, ანუ გარკვეულად მის ხელოვნებასაც უწევთ პოპულარობას?

-ვფიქრობ, მხატვარი თავისთავად პოპულარობას გაუწევს ჩვენს პროდუქციას, ჩვენ კი, ცხადია, მის ხელოვნებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ზურაბ კალანდაძემ ექსკლუზიურად მომცა მისი ნახატების გამოყენების უფლება, რაც საავტორო უფლებითაა დაცული. ასევე შევთანხმდით გრაფიკული ნამუშევრების შექმნაზე სპეციალურად ჩვენი ჩანთებისთვის, რაც ჩანთის ფორმაზე იქნება გათვლილი. შეკვეთებს ვიღებთ, ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილსა და გემოვნებასაც, გვაქვს ექსკლუზიურად (ე.წ. VIP) ჩანთის დამზადების სერვისი. გეგმა და ოცნება ბევრი მაქვს და ვფიქრობ, რომ მომხმარებლის მხარდაჭერა ამ ოცნებების განხორციელებაში დამეხმარება.