Omega Group–თან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები მონტაჟი აღმოჩნდა

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საქართველოს ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი  აუდიოჩანაწერების ავთენტურობა შეამოწმა
Sputnik

თბილისი,  6 ოქტომბერი  — Sputnik.  კომპანია Omega Group–თან დაკავშირებული თითქმის ყველა აუდიოჩანაწერი, რომელმაც ქვეყანაში სკანდალი გამოიწვია, მონტაჟია, ასეთია საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

ზოგიერთი აუდიოჩანაწერის თანახმად, Omega Group–ის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ექს–მინისტრ ლევან ყიფიანთან საუბრობს, რომელიც მისგან დიდი ოდენობით თანხას და ძვირადღირებულ ავტომობილებს მოითხოვს მთავრობის სხვა ჩინოვნიკებისთვის, რათა ისინი მას ვალის რესტრუქტურიზაციაში დახმარებოდნენ.

ელიტური კორუფცია საქართველოში – „ფეიკი" თუ... ექს-მინისტრის სკანდალური აღიარება>>>

ამ დღეებში ყიფიანმა განაცხადა, რომ ოქუაშვილთან მისის საუბარი დადგმული იყო, რათა უცხოელ პარტნიორებს ოქუაშვილისთვის ვალები ჩამოეწერათ. თავად Omega Group–ის ხელმძღვანელი ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად  საფრანგეთში აუდიოჩანაწერების ექსპერტიზას ჩაატარებს.

 „გამოძიებამ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოითხოვა აუდიოჩანაწერები და მათი ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. 018 წლის 4 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით  გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა  ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი“, – ნათქვამია პროკურატურის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

არასამთავრობოები ხელისუფლებაში კრიზისზე საუბრობენ, ხელისუფლება – ოპოზიციის მაქინაციებზე

ყველა ჩანაწერზე  აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები, ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსატყვისობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა.

2018 წლის 12 სექტემბერს გავრცელებული პირველი აუდიოჩანაწერის შემდეგ, რომელზეც ყიფიანისა და ოქუაშვილის საუბარი იყო,  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლი „დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა".

2 ოქტომბრის მდგომარეობით, Omega Group-ში შემავალი კომპანია Omega Group Tobacco-ს სახელმწიფოს წინაშე 52,8 მილიონი ლარი დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნული დავალიანება ყოველდღიურად იზრდება, რამდენადაც კომპანია გადასახადებს არ იხდის და მას დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე უარი ეთქვა.

Iberia TV-მ საქართველოს სპორტისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრები „წააჩხუბა">>>

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა Omega Group Tobacco-ს ქონების გაყიდვაზე უფლება მოიპოვა. „საქართველოს ბანკი" ასევე აპირებს Omega Group Tobacco-სგან ვალის ამოღებას.

მას შემდეგ, რაც აუდიოჩანაწერების გავრცელება დაიწყეს, ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება" ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულეს, ხელისუფლებამ კი ოპოზიციის მზაკვრობაზე დაიწყო საუბარი. თუ შემოსავლების სამსახური საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიძლება კომპანიას მალე სრულიად ახალი მფლობელი გამოუჩნდეს, რომელსაც ბიზნესის თავიდან დალაგება მოუწევს.