სკანდალი პაატა ბურჭულაძის ირგვლივ – სად მიდიოდა „იავნანას" თანხები

საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ ეტაპზე პაატა ბურჭულაძის მეუღლის დაკითხვას გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელობის მხრიდან ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დასასრულს უახლოვდება, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა" საოპერო ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს დააფუძნა. „იავნანა" პირველივე დღეებიდან მზრუნველობამოკლებულ მიუსაფარ და ობოლ ბავშვთა თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით მრავალი საქველმოქმედო აქცია-კონცერტები გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. როგორც ფონდის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მიღებული შემოსავალი მთლიანად ბავშვების დახმარებას ხმარდება.

პროკურატურა პაატა ბურჭულაძის ფონდის საქმიანობით დაინტერესდა>>>

ქველმოქმედებისთვის გაერომ პაატა ბურჭულაძეს 2006 წელს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა. ათი წლის შემდეგ ბურჭულაძემ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა – დააარსა საკუთარი პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის". მას შემდეგ, რაც პარტია საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდა, ბურჭულაძემ პოლიტიკა დატოვა.

პაატა ბურჭულაძე სასამართლოში გამოკითხეს

2017 წლის სექტემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდის ხელმძღვანელობის, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადება, რომელშიც ისინი მიუთითებდნენ, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვა", რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება", – ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

რა დაადგინა გამოძიებამ

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ფონდ „იავნანას" თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმე სამ ეპიზოდად იყოფა.

პირველი ეპიზოდი ეხება პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ფონდის კუთვნილი თანხებიდან. ლაპარაკია დაახლოებით 700 ათას ლარზე.

გამოძიების მტკიცებით, გაუგებარია ბურჭულაძის მეუღლის ანგელინა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში. თუმცა აქვე პროკურატურა აღნიშნავს, რომ ვასილენკო ფონდის ხარჯებით უცხოეთში იმყოფებოდა. მთლიანობაში მასზე ფონდიდან დახარჯულია 254 ათასი ლარი (ავიაბილეთები და სხვა ხარჯები), 25 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურება, სხვა ხარჯებზე კი დაახლოებით 337 ათასი ლარი.

მეორე ეპიზოდი - თბილისში ბურჭულაძისთვის სასტუმრო მომსახურების ხარჯები, რომელიც დაახლოებით 40 ათასი ლარია.

გამოძიებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცხოვრობდა ბურჭულაძე სასტუმროში, როდესაც მას თბილისში აქვს საცხოვრებელი ფართი, ხოლო ფონდს გააჩნია ოფისი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად.

კიდევ ერთი ეპიზოდი ეხება ფონდის ქონებას. საუბარია სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული, ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთ-ერთი საწარმოსთვის იჯარით გადაცემაზე. მასში მრავალი წლის განმავლობაში რესტორანი ფუნქციონირებდა, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი უნდა გამოყენებულიყო ფონდის საქველმოქმედო მიზნებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების შანსები – ახალი კვლევის შედეგები

პროკურატურამ დაადგინა, რომ საწარმო 6 წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს – ფონდს სრულად არ უხდიდა იჯარის თანხას, თუმცა ფონდს საწარმოსთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია. გამოძიების მტკიცებით, ფონდმა ამის გამო 500 ათას ლარზე მეტი ვერ მიიღო.

გარდა ამისა, ფონდის დოკუმენტაციის ანალიზის საფუძელზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004-2017 წლებში შემოწირულობების მხოლოდ 30% ხმარდებოდა ქველმოქმედებას, დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს.

რას ამბობს ბურჭულაძე?

გამოძიებამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოკითხა პაატა ბურჭულაძე, მისი მეუღლის გამოკითხვა კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ვასილენკო მთავარ პროკურატურაში 4 ოქტომბერს დაიბარეს, თუმცა მან ჩვენების მიცემა სასამართლოში მოითხოვა. ამასთან, მან ამ დღეებში ქვეყანა დატოვა.

როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, მისი მეუღლე ჩვენებას 8 ოქტომბერს მისცემს და „ბევრ საინტერესოს" მოყვება.

ოდა გულგრილი ამომრჩევლისთვის – რას გვპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები

„გუშინ ჩვენ გიორგი ლომთაძე – გამომძიებელი გვესტუმრა და ჩვენების მისაცემად მისი დაბარება უნდოდა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მხოლოდ სასამართლოში ისაუბრებდა და ამის გაკეთება 8 ოქტომბერს გადაწყვიტეს. ჩემს მეუღლეს ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი, სხვათა შორის, რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი", – განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიების გააქტიურება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მან ღიად დაუჭირა მხარი ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.

ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია, ზურაბიშვილს კი მმართველი პარტია უცხადებს მხარდაჭერას.

მიუხედავად სისხლის სამართლის საქმისა, ფონდი "იავნანა" მოღვაწეობას აგრძელებს და 25 ოქტომბერს თბილისში საქველმოქმედო გალა-კონცერტის გამართვას გეგმავს.