რომელ ქვეყანაში ამჯობინებენ სწავლას ქართველი სტუდენტები

საზღვარგარეთ გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება ქართველი სტუდენტების 3,5%-ს აქვს
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით ყველაზე ხშირად გერმანიაში მიდიან, იუწყება მარკეტინგული–საკონსულტაციო კომპანია ipm.

კვლევიდან ირკვევა, რომ საზღვარგარეთ გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება ქართველი სტუდენტების 3,5%-ს აქვს; 50,9% არ ყოფილა, მაგრამ გეგმავს წასვლას, ხოლო 45,6% არ ყოფილა და არც მსგავსი გეგმები აქვს.

ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტებმა გერმანიაში სწავლის პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვეს

სტუდენტები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლას არ აპირებენ, ყველაზე ხშირად ამის მიზეზად ასახელებენ ფინანსურ პრობლემებს (16%), უცხო ენის არასაკმარისი ცოდნასა (11%) და შერჩეულ ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს, როგორიცაა, მაგალითად, ვიზა და ა.შ. (10%).

იმ ქართველი სტუდენტებიდან, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლო  პროგრამებში ჩართული იყვნენ, ყველაზე მეტი გერმანულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა (18,8%). მეორე ადგილზე კი თურქული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მონაწილეობაა (6,6%).

მარკეტინგული–საკონსულტაციო კომპანია ipm 1995 წელს შეიქმნა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებთან და მსხვილ კორპორაციებთან. კომპანია ამზადებს მარკეტინგულ, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევებს, ამუშავებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს, ახორციელებს საველე სამუშაოებს და ა.შ.