„დასასრული ნიშნავს დასაწყისს“ – ნიკოლოზ ნორიელის თავისუფლება და ოცნება

სულ ახლახან პოეტ ნიკოლოზ ნორიელის პოეზიის საღამო ჩატარდა სახელად „გამომშვიდობება – დასასრული ნიშნავს დასაწყისს“. ნორიოში, ძალიან ბუნებრივ და სასიამოვნო გარემოში მისი მეგობრები შეიკრიბნენ და დანთებულ კოცონთან გვიანობამდე იკითხეს მისი ლექსები...
Sputnik

 გადავწყვიტეთ, სანამ იმ საღამოს სითბო და შეგრძნებები ჯერაც არ გახუნებულა, მას გავესაუბროთ...

„დასასრული ნიშნავს დასაწყისს“ – ნიკოლოზ ნორიელის თავისუფლება და ოცნება

– ნიკოლოზ, მოდი, საუბარი იმ საღამოზე დავიწყოთ...

– საღამომ კარგად ჩაიარა, რადგან ზღვა სითბო მივიღე იმ ადამიანებისგან, ვინც დამაფასა და მოვიდა. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ იმედგაცრუებულიც ვარ, რადგან ბევრი ისეთი ადამიანი მაკლდა, რომლებზეც დარწმუნებული ვიყავი, რომ გვერდით დამიდგებოდნენ. საღამოს სახელწოდება „დასასრული ნიშნავს დასაწყისს“ იმას ნიშნავს, რომ ეს იყო უკანასკნელი პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. დასაწყისში კი ჩემი, ასე ვთქვათ, პროზაში გადასვლა ვიგულისხმე. უკვე დავასრულე რომანი სახელწოდებით „სალსავა“, რომელსაც წელიწადზე მეტი ვწერდი.

– პირველი შეკითხვა ასეთი მექნება: როდის „დაიბადეთ“ როგორც პოეტი ნიკოლოზ ნორიელი?

– როგორც პოეტი 6-7 წლის წინ... მაშინ გამოიცა ჩემი პირველი კრებული, რომელიც იმდენად პატარა ზომის იყო, რომ რთულია წიგნი უწოდო.

„დასასრული ნიშნავს დასაწყისს“ – ნიკოლოზ ნორიელის თავისუფლება და ოცნება

– რა იყო პოეზიამდე, ანუ როგორი ცხოვრება?

– როგორც ყველა 90-იანების ბავშვს, ბავშვობა მეც ჩვეულებრივი მქონდა – გაჭირვება, კასეტები, უშუქობა... თუმცა მაინც იყო უდარდელობა და ბედნიერება. ჩემი ნამდვილი გვარი სომხიშვილია და ფსევდონიმიც მაშინ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, როცა პირველი წიგნი გამოვიდა.

– რომელია სხვებისგან განმასხვავებელი თვისებები, რითიც მხოლოდ საკუთარ თავს ჰგავხართ?

– რთულია ამის თქმა – რით განვსხვავდები სხვებისგან, თუმცა მაინც ვიტყოდი, რომ ალბათ მათგან სამართლიანობით და პირდაპირობით გამოვირჩევი. ადამიანებთან ლაქუცი არ მჩვევია რა სარგებელსაც არ უნდა მოველოდე...

– საქციელი, რომლითაც დღემდე ამაყობთ...

– სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მახსენდება.

„დასასრული ნიშნავს დასაწყისს“ – ნიკოლოზ ნორიელის თავისუფლება და ოცნება

– თუ გახსენდებათ ამბავი, რომელმაც გარკვეულად შეგცვალათ?

– ვერ გამოვყოფ ამბავს, რომელმაც შემცვალა, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანი, როგორც პიროვნება, სხვადასხვა ამბების ერთობლიობაა. დრო გვაყალიბებს და გვზრდის. ემოციურად ბევრი რამ ყოფილა, რომელსაც ჩემზე უმოქმედია დადებითადაც და უარყოფითადაც, თუმცა ერთ კონკრეტულ ფაქტს მაინც ვერ დავასახელებ. საერთოდ, ვთვლი, რომ შინაგანად არ ვიცვლები. ის ვარ, ვინც ვიყავი და ყოველთვის ასეთად დავრჩები – ვისთვის უხეში, ვისთვის – პირიქით, მთლიანობაში ნიკუშა ნორიელი.

– რომელია ლექსი, რომელმაც ფაქტობრივად „დაგაწერინათ“ თავი?

– ასეთია ლექსი, რომელსაც ჰქვია "ანო":

„ვერ გავცდი მიწას, დედამიწის ერთადერთ სამოსს.

მე გათენება წართმეული იადონი ვარ

იმედით, ერთ დღეს რომ გავანგრევ გალიის კარს და

შენი თითებით ნაიარევ გულს მოვიხატავ...

      რად მინდა ღამე? მარტოობის თავშესაფარი...

      გისოსებიდან მთვარე კიდევ მეტად შორია.

      სულ მახსენდება კონიაკით გალეშილები

      როგორ ვცდილობდით სინამდვილე არ შეგვემჩნია.

ჰგავდა პეპელას ერთად ყოფნის ყოველი წუთი,

დასაწყისშივე რომ იცი, მალე სრულდება.

ვეღარ გეხები, ვერ გიყურებ, არადა, გეძებ

ისე, რომ თვალი ტყვიის წინაც არ მეხუჭება.

          სადა ხარ? ლურჯად გამინათე შავი კედლები.

          მითხარი, რომ ხვალ ყინვის ნაცვლად დარი იქნება.

          კიდევ მასუნთქე მაგ ყელიდან სიცოცხლის სუნი,

          ცხადად მიქციე ქრონიკული ეს მოლანდება.

ნუ გამაყოლებ დროს, რომელიც წააგავს არაგვს.

არ დაემსგავსო ღმერთს, რომელსაც ვერასდროს ვხედავთ.

მე გათენება წართმეული იადონი ვარ,

მხოლოდ შენ შეძლებ ამ გალიის კარის გაღებას“.

„დასასრული ნიშნავს დასაწყისს“ – ნიკოლოზ ნორიელის თავისუფლება და ოცნება

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი თაობის მთავარი ღირსება და ნაკლი?

– ამ თემას რომ ჩავუღრმავდეთ, ბევრი საუბარი მოგვიწევს. ლაკონურად კი ასე შემიძლია გიპასუხოთ: ჩვენი თაობის მთავარი ღირსებაც და ნაკლიც ერთდროულად ეგრეთ წოდებული თავისუფლებაა. ადამიანები იშვიათად თუ იაზრებენ რეალურად თავისუფლების არსს. უმრავლესობას თავისუფლება ზღვარგადასულ ქცევაში ერევა და, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ნაკლია.

– რომელია თქვენი ყველაზე აუხდენელი, გიჟური ოცნება?

– ეჰ, ჩემი ყველა ოცნება ჯერჯერობით აუხდენელია... რაც შეეხება გიჟურს, მოგზაურობა მსურს მსოფლიოს გარშემო, რადგან არასდროს მიყვარდა წერა მხოლოდ ფანტაზიით. სინამდვილეზე ვწერდი ყოველთვის და დღესაც ასე ვარ, ჰოდა, მინდა იმდენი ვნახო, რომ სიცოცხლის ბოლომდე შევძლო წერა...