ექს-პრემიერი მერაბიშვილი საპატიმროში დააბრუნეს

ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკაში სამშაბათს გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მორიგი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ თბილისის კლინიკა MediClub Georgia-დან საპატიმროში დააბრუნეს, იუწყება ტელეკომპანია Rusatvi2.

მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი და ბლეფარო-კონიუნქტივიტი აქვს. იგი კლინიკაში სამშაბათს, დილით მოხვდა და იქ ორი დღე გაატარა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან მეხუთედ გაიყვანეს. ადრე იგი კლინიკა  „ავერსში" ჰყავდათ გადაყვანილი. ექს-პრემიერის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად შეაფასეს.

უწყება: ვანო მერაბიშვილი ადასტურებს, რომ ორი კვირაა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა>>>

„შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ვმუშაობთ იდიოპათიურ ჰორნერის დიაგნოზზე. გამოირიცხა სიმსივნე, მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის რაიმე ნიშნები და პათოლოგიები, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის მდგომარეობას. ამ მომენტისთვის მისი (მერაბიშვილის) ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მას ესაჭიროება მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა და იგი რაიმე კონკრეტულ მკურნალობას არ საჭიროებს", – აღნიშნა ექიმმა ელენე ხურციძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სხვა მოსაზრებას ავრცელებენ მერაბიშვილის ადვოკატები, რომლებიც ექიმებისგან განსხვავებით ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მას სერიოზული მკურნალობის კურსი სჭირდება.

მოწამლულია თუ არა მერაბიშვილი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხი

„ამ ადამიანს (მერაბიშვილს) სახეზე უკვე ეტყობა წარუშლელი კვალი. როდესაც ექიმებმა გასინჯეს ვანო მერაბიშვილი, პრაქტიკულად უთხრეს ის, რომ სახეზე არსებული ნაკლი, ჩავარდნილი თვალი შეიძლება ასე დარჩეს, შეიძლება გაუმჯობესდეს ან არც გაუმჯობესდეს… ჩვენ ოფიციალური პასუხი გვაქვს, რომ შეგვიძლია უცხოელი ექიმების მოყვანა ან ქართველი ექიმების დაქირავება, როგორც ეს დღეს მოხდა. შესაბამისად, ჩვენ ჩამოვიყვანთ უცხოელ ექიმებს და მათთან კონსულტაციას აუცილებლად გავმართავთ. ფაქტია, რომ მათ (ექიმებმა) არ იციან რა სჭირს ამ ადამიანს და არ იციან როგორ უმკურნალონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი დღეს, სამწუხაროდ, მკურნალობას ვერ იღებს", – განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებთან.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

თუ ვადამდე არ გაათავისუფლეს, მერაბიშვილი 2020 წლის თებერვალში დატოვებს საპატიმროს.