თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გამოფენა, სახელწოდებით NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds, ალბერტინას მუზეუმში 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნება და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფიროსმანის 29 ნამუშევარი საქართველოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის (ეროვნული მუზეუმის) კოლექციიდან.
პროექტის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმში, ასევე პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის ხსოვნას ეძღვნება.
გამოფენის მთავარი მიზანი მხატვრის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა, როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. კახეთში, სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მშობლიურ სახლში კი ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.