უწყება: ვანო მერაბიშვილი ადასტურებს, რომ ორი კვირაა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა

ადვოკატის განცხადებით, ექიმებმა მერაბიშვილის ზუსტი დიაგნოზი არ იციან
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და ის დღეს ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკაში მხოლოდ ადვოკატების ეჭვების გასაფანტად გადაიყვანეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს დილით საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკა "მედიქლაბში" გადაიყვანეს. მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია პირველად აგვისტოს შუა რიცხვებში გავრცელდა. იგი კლინიკაში რამდენჯერმე გადაიყვანეს და სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს. როგორც მაშინ იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ექს-პრემიერს ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი და ბლეფარო-კონიუნქტივიტი აქვს.

ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში კლინიკა „ავერსში" ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ჰორნერის სინდრომის დაავადება რეგრესირებს.

„როგორც მსჯავრდებული ექიმებთან თავადვე ადასტურებს, 2 კვირაა, რაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა როგორც სუნთქვის პრობლემების, ასევე თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციებისა და კვლევების შედეგად, სრულად გამოირიცხა ორგანიზმში სიმსივნური პროცესი, ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა.

უწყების ცნობით, მიუხედავად მსაჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ადვოკატების მხრიდან გამოთქმული  ეჭვის გასაბათილებლად, მერაბიშვილს დღეს და ხვალ ჩაუტარდება ტოქსიკოლოგის კონსულტაცია და მოხდება მძიმე მეტალების იდენტიფიკაცია.

დღესვე ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის ზუსტი დიაგნოზი ექიმებმა არ იციან.

მოწამლულია თუ არა მერაბიშვილი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხი

„ვანო მერაბიშვილის დღევანდელი საავადმყოფოში გადაყვანა ემსახურება იმას, რომ ამ დრომდე არ იციან მისი დიაგნოზი. სწორედ ამიტომ არ ხდება მისი მკურნალობა. მე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი მთავარ ექიმსთვისა და გენერალური დირექტორისთვის. მათ მითხრეს, რომ მერაბიშვილთან შევა რამოდენიმე სხვდასახვა პროფილის მქონე ექიმი და ჩაუტარდება გამოკვლევა. ჰორნერის სინდრომთან დაკავშირებით არ არის დადგენილი რამ გამოიწვა ეს დაავადება. ეს შეიძლებ იყოს სიმსივნური დაავადებები ან ინტოქსიკაცია", - განაცხადა ადვოკატმა.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, "საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევას ეხება.

თუ ვადამდე არ გაათავისუფლეს, მერაბიშვილი 2020 წლის თებერვალში დატოვებს საპატიმროს.