ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, დღეს დილით გაუარესდა
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან საავადმყოფოში ბოლო პერიოდში მეოთხედ გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია პირველად აგვისტოს შუა რიცხვებში გავრცელდა. იგი კლინიკაში რამდენჯერმე გადაიყვანეს და სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს. როგორც მაშინ იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ექს-პრემიერს ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი და ბლეფარო-კონიუნქტივიტი აქვს.

ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს მერაბიშვილის შეწყალებას სთხოვს

არსებული ინფორმაციით, მერაბიშვილი ამ წუთებში კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში" იმყოფება. სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დილით გაუარესდა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

თუ ვადამდე არ გაათავისუფლეს, მერაბიშვილი 2020 წლის თებერვალში დატოვებს საპატიმროს.