რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოსთან ურთიერთობებში პოზიტივი დაგროვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში ბოლო შეხვედრა შეაჯამა
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს არსებითად გაიზარდა საქონელბრუნვა და სატრანსპორტო მიმოსვლის მოცულობა საქართველოსთან.

გუშინ პრაღაში რუსეთტან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პრაქტიკული საკითხები.

„შეჯამდა შუალედური შედეგები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. რუსეთსა და საქართველოს შორის შვიდ თვეში საქონელბრუნვა თითქმის 45% გაიზარდა და 815 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იზრდება რუსეთში ქართული ღვინის შემოტანა. ჩვენი ქვეყანა ამ პროდუქციის კვლავ მთავარი იმპორტიორია - ყიდულობს საქართველოს მიერ ექსპორტირებული ღვინის 60%-ს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კარასინი: საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია

ასევე აღინიშნა რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა. ამა წლის რვა თვეში რეგულარული ავიარეისებით გადაიყვანეს დაახლოებით 562 ათასი მგზავრი, რაც დაახლოებით მესამედით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, მატულობს საავტომობილო და სარკინოგზო-საზღვაო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა.

რუსეთის საგარეო უწყებამ ცალკე აღნიშნა ქართული მხარის მიერ ქვეყანაში ხორბლის შეტანის მოქმედი წესის შენარჩუნება. საქართველოს ხელისუფლებამ, საპროტესტო ტალღის გამო, ერთი წლით გადადო ხორბლისა და ფქვილის ავტოტრანსპორტით გადაზიდვაზე აკრძალვა.

აბაშიძემ და კარასინმა ასევე იმსჯელეს კონტაქტებზე ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, კერძოდ, რუსული თეატრების გასტროლებზე.

„რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ემხრობა რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის ხელშეკრულების პრაქტიკული რეალიზაციის სწრაფად დაწყებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

კარასინი: რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს პოლიტიკურ ატმოსფეროს

ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, როდესაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

არჩევანი ხვდა შვეიცარიულ კომპანია SGS-ს (Société Générale de Surveillance SA), რომელიც 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის მონიტორინგს განახორციელებს. საქართველომ მასთან კონტრაქტს ხელი მოაწერა 2017 წლის დეკემბერში, ხოლო რუსეთმა — 2018 წლის 18 მაისს.

კარასინმა აბაშიძესთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი კომიტეტის მოწვევა შვეიცარიის მონაწილეობით უახლოეს პერიოდში შეთანხმების შესრულებაზე მუშაობის დაწყება გახდება.

„მიუხედავად დაგროვებული პოზიტივისა, სერიოზული გამაღიზიანებელი ორმხრივი ურთიერთობებისთვის კვლავ რჩება საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან. კარასინმა მიუთითა იმ საკმაოდ არასასურველ როლზე, რომელსაც თბილისი ამ სამხედრო ბლოკის რუსეთისა და კავკასიაში მისი მოკავშირეების საზღვრებთან მოახლებაში ასრულებს", - ნათქვამია განცხადებაში.

აბაშიძე: ქართველებსა და რუსებს შორის ღვარძლი არ არსებობს

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო მონაწილე გახდა პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისთვის". „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ საქართველო მომავალში შესაძლოა ნატოს წევრი გახდეს იმ პირობით, თუ ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ნატოსკენ მისწრაფება არავის მიმართ არ არის მიმართული, მაგრამ მოსკოვი ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდება.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.