კახა კალაძე: „თბილისობის“ ღონისძიებების  პროგრამა საკმაოდ საინტერესო იქნება

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს „თბილისობა 2018“–ზე მრავალფეროვანი კულტურულ–გასართობი პროგრამა ელოდება
Sputnik

თბილისი,  2 ოქტომბერი  — Sputnik.  „თბილისობის“ დღესასწაული ქალაქის ხუთ ლოკაციას მოიცავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

წელს „თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება და ამიერიდან დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება. კალაძის განცხადებით, კულტურულ–გასართობი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი გაიმართება  დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში.

„ევროპის მოედანზე 6 ოქტომბერს შედგება „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები ყველა იმ ეთნოსითა და ნიუანსით, რომელიც თბილისს ახასიათებს. სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება. „თბილისობის“ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი იქნება „გვიდირიჟორე“. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, 7 ოქტომბერს კონკას მიმდებარე სკვერში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი  თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც ასევე, რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

„თბილისობა 2018“ – დღესასწაულის თარიღი და შეზღუდვები ქუჩებში>>>

როგორც აღინიშნება, გალა–კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. საღამოზე ასევე გაჟღერდება სხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური კომპოზიციები.

რიყის პარკი „თბილისობის“ დღესასწაულს ყვავილების მასშტაბური ინსტალაციით უმასპინძლებს, რომლის ირგვლივაც სხვადასხვა კულინარიული კუთხეები განთავსდება.

 „სადღესასწაულო ღონისძიებების  პროგრამა საკმაოდ საინტერესო იქნება. ამიტომ ყველას მივმართავ,  ვისაც გაუხარდება, მოვიდეს, მოიყვანონ შვილები, შვილიშვილები და „თბილისობა“ ერთად ვიზეიმოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილისობის“ დღესასწაული პირველად 1979 წელს აღინიშნა ცნობილი ქართველი მოგზაურის, ეთნოგრაფისა და ჟურნალისტის გვანჯი მანიას ინიციატივით.

 

1989-1994 წლებში ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო „თბილისობა“ არ ჩატარებულა.