კახეთში ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა

ავტომობილში ჩარჩენილი ქალი სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ამოიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თელავი-ნაფარეულის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საფიჩხიის სასაფლაოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

60 წლამდე მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტომობილში მყოფი 55 წლამდე ქალის ამოყვანა კი მეხანძრე-მაშველებმა მხოლოდ მოგვიანებით, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით მოახერხეს.

ამ დროისთვის ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.