დღეს მართლმადიდებლური სამყარო ჯვართამაღლებას ზეიმობს

კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით ათ წელს შენდებოდა. ტაძარი იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს (ძველი სტილით) დაწესდა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.
Sputnik

მართლმადიდებლები დღეს უდიდეს დღესასწაულს – ჯვართამაღლებას, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავენ.

მაცხოვრის ჯვარცმიდან სამი საუკუნის შემდეგ – 326 წელს ქრისტიანებმა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს და ამის შემდეგ მათ ჯვრის თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ.

ჯვართამაღლება კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება, რომელიც ბიზანტიის იმპერატორი იყო 306-337 წლებში (სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა ბიზანტიის დედაქალაქს კონსტანტინოპოლი). მას მოციქულთა სწორი უწოდეს. კონსტანტინე დიდმა აკრძალა სახელმწიფოში ქრისტიანთა დევნა, ოფიციალურად დაუშვა ქრისტიანული აღმსარებლობა, თვითონაც მოინათლა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას.

"ცეცხლით სწვავდნენ ტანშეძარცულ დედოფალსა" - წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე>>>

კონსტანტინე დიდმა ქრისტე ირწმუნა მას შემდეგ, რაც უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ ცაზე გამოისახა ჯვრის ნიში წარწერით "ამით სძლო". მან ჯვრის ძალით მართლაც დიდი გამარჯვება მოიპოვა და ამის შემდეგ იმ ჯვრის მოძიების სურვილი არ ასვენებდა, რომელზეც მაცხოვარი ევნო. რომაელი წარმართი იმპერატორები ადამიანების ცნობიერებიდან და მეხსიერებიდან მაცხოვრის ჯვარზე გაკვრისა და მკვდრეთით აღდგომის წმინდა ადგილების აღმოფხვრას ცდილობდნენ. იმპერატორ ადრიანეს (117–138 წლები) ბრძანებით მეორე საუკუნეში გოლგოთა და ქრისტეს საფლავი მიწით დაფარეს და ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე ქალღმერთ ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღმართეს.

კოსტანტინე დიდმა მაცხოვრის ჯვრის მოსაძიებლად იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელმაც დიდი მცდელობის შემდეგ მიაგნო ჯვრისა და მაცხოვრის საფლავის ადგილსამყოფელს.

ელენე დედოფალმა 326 წელს იერუსალიმში მიწით დაფარული გოლგოთა გაათხრევინა და აღმოაჩინა სამი ჯვარი, დაფა, რომელზეც პილატეს დავალებით გაკეთებული იყო სამენოვანი წარწერა "იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათა" და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველმყოფელი ძელი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მაცხოვრის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა.

ვნების შვიდეული – ქრისტეს გაცემის, დამცირების, ვნების, ჯვარცმისა და აღდგომის კვირა>>>

ამის შემდეგ უამრავი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარს სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რათა ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო – ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა.

კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს (ძველი სტილით) დაწესდა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ელენე დედოფალმა თან წაიღო იერუსალიმიდან ნაწილი უფლის პატიოსანი ჯვრისა და სამსჭვალები. ძელიცხოვლის წმინდა ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროში და მათ შორის საქართველოშიც მოხვდა.

მეფე მირიანმა, გაქრისტიანების შემდეგ, ბიზანტიას ეპისკოპოსი იოანე მიავლინა და იმპერატორს საქართველოსთვის ძელიცხოვლის ნაწილი სთხოვა. ქართველთა გაქრისტიანებით ფრიად გახარებულმა დიდმა კონსტანტინემ წმინდა ჯვრის ნაწილები – ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი საქართველოში გამოგზავნა.

ჯვართამაღლების დღეს მორწმუნე მართლმადიდებლები მარხულობენ.

საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღეს საზეიმო წირვა აღევლინება.