თბილისში „ეთნოფესტი 2018"-ზე სამხრეთ კავკასიის დიზაინერები შეიკრიბებიან

სამი დღის განმავლობაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი დიზაინერები თბილისში საკუთარ პროდუქციას გამოფენენ
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018" თბილისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან დიზაინერებსა და ოსტატებს მეორედ შეკრებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეთნოფესტი" ტრადიციული რეწვისა და დიზაინის შემქმნელების ყოველწლიური შეხვედრაა. სამიტის მიზანი პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება და ტრადიციული რეწვის განვითარებაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიზნით.

ქართველი დიზაინერი მიიწვია მოდის სახლმა Louis Vuitton

სამიტის ფარგლებში, რომელიც 28-30 სექტემბრის ფარგლებში გაიმართება, ფორუმის 150 მონაწილე – დიზაინერები, ოსტატები და მწარმოებლები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში (პავილიონები №4, 5 და 6) საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ.

დამთვალიერებელი შეძლებს შეიძინოს საფეიქრო, კერამიკის, ხის, მეტალის ნაკეთობები, ასევე სხვადასხვა მორთულობები, აქსესუარები და მრავალი სხვა.

სამიტის პროგრამაში დაგეგმილია აშშ-დან, ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან დიზაინერებისა და მარკეტოლოგების პრეზენტაციები და საჯარო ლექციები, ასევე მრავალი საგანმანათლებლო გამოფენა, კონსულტაციები და ექსპერტებთან შეხვედრები.

სამიტის დახურვის დღეს, 30 სექტემბერს კონკურსი „საუკეთესო სტენდის" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

სამიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ასევე საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის ორგანიზატორები არიან თბილისის მერიასთან არსებული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, თბილისის საკრებულო და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.