ანსამბლი „სუხიშვილები“ ბოლნისქალაქობაზე გამოვა

„ბოლნისქალაქობაზე“ სტუმრებს ელოდებიან არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ ევროპის ქვეყნებიდანაც.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ კვირას, 30 სექტემბერს ბოლნისის სახალხო დღესასწაულზე, ანუ „ბოლნისქალაქობაზე“ გამოვა.

ამ დღეს ქალაქი სტუმრებს ელოდება არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ ევროპიდანაც, კერძოდ, გერმანიიდან და იტალიიდან.

რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება

ორგანიზატორების ინფორმაციით, „ბოლნისქალაქობა“ გაიხსნება 14:00 საათზე ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების გამოფენით, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეების ექსპოზიციით, ასევე პეტრე დანელიას წიგნის „ბოვნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“ პრეზენტაციით.

დღესასწულზე დაგეგმილია ყურძნის დაწურვა საწნახელში, ღვინისა და სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის, ასევე პოპულარული ქართული ნუგბარის დეგუსტაცია და ბაზრობა.

პროგრამის გასართობ ნაწილში გაიმართება თეატრალური და საკარნავალო წარმოდგენები, კონცერტები, საბავშვო კოსტიუმირებული შოუ, ასევე ქართული ჭიდაობის საჩვენებელი ნომრები, შეჯიბრებები არმრესლინგში, კარატესა და ჭადრაკში.

„თბილისობა" ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება

დღესასწაულზე თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ ბოლნისის თეატრი, ქალაქის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური სკოლის მოსწავლეები. გაიმართება საპატიო ბოლნისელების დაჯილდოება.

საღამოს, 18:00 საათზე დაიწყება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. მათ შორის არიან ანსამბლები „შუახევი“, „შგარიდა“, „ძირიანი“, „პატარა კახი“, „სათანაო“, „სახიობა“, „სიონი“, „ბოლნელა“, „ორბელი“.

გამოვა საპატიო სტუმარი იტალიიდან – მუსიკალური ანსამბლი Coro Fodom.

„სუხიშვილების“ კონცერტი 20:00 საათზეა დაგეგმილი.