საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფამ დააჯილდოვა

პროექტი, რომელშიც მთელი საქართველოა ჩართული, ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს – ეს უეფამ აღიარა.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) უეფასგან ფეხბურთისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარებისა და პოპულარიზებისთვის, ასევე პროექტში ჩართული ადამიანების რაოდენობის გაზრდისთვის ვერცხლის ჯილდო მიიღო, ნათქვამია სფფ-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვერცხლის ჯილდო, რომელიც სფფ-მ პირველად მიიღო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უეფას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მასობრივი ფეხბურთის გაზრდა.

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს პირველად მიიღო ვერცხლის ჯილდო მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის საუკეთესო პროექტის კონცეფციისთვის. დღევანდელ რეალობაში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა არის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის სწორედ ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფეხბურთო პირამიდის საყრდენი სწორედ მასობრივი ფეხბურთია და სწორედ ამ საფეხურიდან უნდა დავიწყოთ განვითარება. უეფას ჯილდო დასტურია იმისა, რომ პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში“, – განაცხადა სფფ-ის ვიცე–პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ.

პროექტი „მოყვარულთა ლიგა“, რომელიც უეფას ჯილდოთი აღინიშნა, საქართველოში 2016 წელს დაიწყო. პროექტის ძირითადი ამოცანაა ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა, ასევე ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზება.

ამჟამად პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 400 მოყვარული გუნდია ამოქმედებული და დაახლოებით რვა ათასი ადამიანია ჩართული.