რატომ შეფერხდა ქუთაისი-ბარსელონის რეისი

ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მიზეზს ავიაკომპანია და საავიაციო სფეროს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონაში  ავიაკომპანია Wizz air–ის თვითმფრინავით მხოლოდ მგზავრების ნაწილი გაფრინდა, ნათქვამია კომპანიის Facebook–ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

WizzAir-ი საქართველოდან გერმანიაში შვიდსაათიანი დაგვიანებით გაფრინდა

კომპანიის ინფორმაციით, 26 სექტემბერს, ავიაკომპანია Wizz air-ის ბორტს, რომელმაც შეასრულა ბერლინი-ქუთაისის რეისი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქანზე გაჩერების შემდეგ გაეხსნა ავარიული ტრაპი და რადგან ხომალდზე ავარიული ტრაპების რაოდენობა ერთით შემცირდა, ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე საჰაერო ხომალდით ქუთაისი-ბარსელონის რეისზე დაუშვას მგზავრების შემცირებული რაოდენობა. რეისზე გამოცხადებული 160 მგზავრიდან გამგზავრება მხოლოდ 110 მგზავრმა შეძლო.

დარჩენილ 50 მგზავრთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა. ისინი ავიაკომპანიის სხვა რეისებზე გადანაწილდებიან.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისევე, როგორც ავიაკომპანიისთვის, პრიორიტეტულია მგზავრების უსაფრთხოება. შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით, ყველა ღონისძიება განხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით“, -აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მიზეზს ავიაკომპანია და საავიაციო სფეროს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.