ბევრი ტურისტი გვინდა, ინფრასტრუქტურის განვითარება კი არა...

რა ხდება კურორტ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის ტერიტორიის მიღმა...
Sputnik

საქართველოში ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 5.9 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 12.2%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ მხოლოდ აგვისტოში საქართველოს საზღვარი 1,294,926-მა ადამიანმა გადმოკვეთა, ეს წინა წელთან შედარებით 9.8%-ით მეტია. 

ცხადია, კარგია, როდესაც ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ თუ ტურისტების რაოდენობის ზრდა სურს ხელისუფლებას და მათ მიერ მეტი ფულის დახარჯვა ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობებიც უნდა შეუქმნას. ლაპარაკი მხოლოდ უცხოელ ვიზიტორებზე არ არის, შიდა ტურიზმსაც მეტი ყურადღების მიქცევა რომ სჭირდება, აშკარაა.

ბევრი ტურისტი გვინდა, ინფრასტრუქტურის განვითარება კი არა...

ყველას კარგად მოეხსენება საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ზღვისპირეთში. დაბა შეკვეთილში ჯერ საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ ააშენა, შემდეგ მის ეზოში „მუსიკოსების სკვერი“ გახსნა, შეკვეთილშივეა ე.წ. დენდროლოგიური პარკი, სადაც შავიზღვისპირეთის სხვადასხვა ადგილიდან მოთხრილ ასწლოვან გიგანტურ ხეებს უყრიან თავს; აგრეთვე შეკვეთილშია ძვირადღირებული სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელიც ასევე ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული და ცოტა ხნის წინ დაიწყო სტუმრების მიღება...

ურეკი და შეკვეთილი: საბაგირო, საავტომობილო გზები, ხიდები, ტრამვაი – განვითარების გეგმები

ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ტერიტორია განსაკუთრებით რომ არის მოვლილი და ზოგ შემთხვევაში მკაცრად დაცული, ეს ახალი ამბავი არ არის. თუმცა, მისი ტერიტორიიდან არც თუ შორს მაინც და მაინც არც უვარგისი გზების გამო წუხს ხელისუფლება და არც ბუნებრივი აირის პროექტის დაუსრულებლობით. მაგალითად, იმავე შეკვეთილში გაკვირვებული დავრჩით, ისეთი გზები დაგვხვდა საკურორტო ზონაში, ზღვის პირას, „ბლექ სი არენიდან“ სულ რაღაც 50-ოდე მეტრში...

ბევრი ტურისტი გვინდა, ინფრასტრუქტურის განვითარება კი არა...

ფოტოზე ავტომობილების მიღმა იწყება ასფალტი და „ბლექ სი არენა“ ჩანს, აქეთ კი გრუნტის გზაა, რომელიც ყოველი წვიმის შემდეგ ატალახებულია.

შეკვეთილში შესულებს რამდენიმე გზაჯვარედინი გხვდებათ. აქ ამ ტერიტორიის „ცენტრია“ – „ნიკორას“ მაღაზია, შეიძლება ითქვას, ერთადერთი სუპერმარკეტია, დანარჩენი პატარა ზომის მაღაზიები თუ აფთიაქებია, რომლებიც „საკურორტო ტარიფებით“ ვაჭრობენ.

ზღვის პარალელურად რამდენიმე ქუჩაა, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროებია. რამდენიმე შედარებით დიდი სასტუმროც შემატებია ბოლო პერიოდში. დამსვენებლებიც, ასე თუ ისე, საკმაოდ არიან, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებნი რაიონის ხელისუფლების უყურადღებობაზე ლაპარაკობენ.

ბევრი ტურისტი გვინდა, ინფრასტრუქტურის განვითარება კი არა...

„ოზურგეთის რაიონი ყველაზე უპატრონოა. აქ მხოლოდ ბიძინასი რაც არის, ის ტერიტორიაა მოვლილი“, – ამბობს ერთ-ერთი ქალი, რომელიც მცირე ზომის საოჯახო სასტუმროს მართავს.

ბევრი ტურისტი გვინდა, ინფრასტრუქტურის განვითარება კი არა...

მთავარი პრობლემა, რაც პირველივე ჯერზე თვალში მოგხვდებათ, მოუწესრიგებელი გზაა. განსაკუთრებით რთულდება საქმე წვიმის შემდეგ.

ბევრი ტურისტი გვინდა, ინფრასტრუქტურის განვითარება კი არა...

გზების ამ მდგომარეობაში ყოფნას, თურმე, რამდენიმე წლის წინ ჩაუყარეს საფუძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მანამდე ზღვის სეზონის დაწყებამდე „გრეიდერი“ გაივლიდა და გრუნტის გზას გაასწორებდა ხოლმე. ამჟამად კი იგივეს გაკეთება შეუძლებელია. ორი წლის წინ გადაუწყვეტიათ ცენტრალური კანალიზაციის გაკეთება ზღვისპირა ზოლში და შეკვეთილში, ქუჩები დასაწყისიდან დასასრულამდე გადაუთხრიათ კიდეც, მილებიც ჩაუყრიათ და საკანალიზაციო ჭებიც ადგილზე. ზოგი იმ სიმაღლეზეც არის გზიდან ამოწეული, თუ ყურადღებით არ არის მძღოლი, ქუჩაზე გავლისას მანქანას კარგს არაფერს დამართებს. ერთი ეგაა, არც თავში და არც ბოლოში მილებს გაგრძელება არ მოჰყვა და არის ბუტაფორიად დარჩენილი საკანალიზაციო მილები მიწაში და ჭების თავსახურები ნახევრად ჰაერში. ამიტომაც ყველა სასტუმროს თუ სახლს საკუთარი საკანალიზაციო ორმო აქვს საკუთარ ეზოში.

საქართველოს რეგიონებში 37 ახალი სასტუმრო აშენდება

პირველ ჯერზე მანქანით გავლისას ალბათ ყველა მძღოლი იგრძნობს სად მოხვდა, როცა მოულოდნელად ისეთ ორმოში „ჩაარტყამს“, მანქანა რომ შეეცოდება. გამოუცდელი მძღოლების მეტი რა არის და ამიტომ ხშირად ისმის მანქანის „ჩარტყმის“ და მძღოლის გინების ხმა. წვიმის დროს რაც ხდება ამ გზებზე, რთული მისახვედრი არ არის და გამვლელი მანქანაც და ქვეითიც ტალახში სიარულს ვერ ასცდება. აი, სიმშრალეში და სიცხეში სხვა გასაჭირი იჩენს ხოლმე თავს – ყოველი მანქანის, მეტადრე კი სწრაფად ჩავლისას ისეთი მტვრის კორიანტელი დგება, ბუღი ეზოებშიც აღწევს. ჰოდა, ამ მტვრის შესაკავებლად ერთ-ერთ მაცხოვრებელს სპეციალურად კიდევ უფრო გაუღრმავებია მისი ეზოს წინ ორმოები და გამოუცდელი მძღოლები მანდ გავლისას უარესად ანგრევენ საკუთარ ავტომობილებს. შემდეგ ჭკუას სწავლობენ და ნელა დადიან, შესაბამისად, აღარ ამტვერებენ გზასო - გაუზიარებია „ინოვაცია“ მეზობლებისთვის გზის სპეციალურად გამფუჭებელ კაცს.

შეკვეთილში ბუნებრივი გაზის გაყვანაც დაუწყიათ ორიოდე წლის წინ და მილებიც არის და ეზოების წინ მრიცხველისთვის განკუთვნული ყუთებიც.

ბევრი ტურისტი გვინდა, ინფრასტრუქტურის განვითარება კი არა...

თუმცა, გაზის მილებსაც ცენტრალური კანალიზაციის ბედი ეწიათ და თავში და ბოლოში არ აღირსეს შეერთება. ამიტომაც აქაურებიც და დასასვენებლად ჩამოსული ტურისტებიც ძველებურად ბალონის გაზზე მომზადებულ საკვებს მიირთმევენ.

კიდევ ერთი გასაჭირი, რაზეც შეკვეთილის მცხოვრებლებისგან გავიგეთ – ზღვისპირა ტყის ზოლის გაჩეხვაა. ერთ-ერთი საოჯახო სასტუმრო, რომელშიც რამდენიმე დღით გავჩერდით, ზღვიდან ალბათ ასიოდე მეტრშია. მის წინ ქუჩის გადაღმა გზას წიწვოვანი ხეები მიუყვება, ტყის ზოლში კი საკმაოდ ბევრი ახალი შენობაა – ზოგი დამთავრებული და სტუმრებსაც იღებს, ზოგიც მშენებარე. ჩვენი მასპინძელი ამბობს, რომ ათი წლის წინ, როცა სახლი იყიდა, მისი აივნიდან ზღვა არ ჩანდა და შენობებიც თითქმის არ იდგა ხეების ზოლში. ახლა კი, ტყე საკმაოდ შეთხელებულია და ახალ-ახალი შენობებიც მომრავლებული.

ბევრი ტურისტი გვინდა, ინფრასტრუქტურის განვითარება კი არა...

„ველოდებით, სეზონი რომ დამთავრდება, კიდევ ერთხელ გვინდა ვცადოთ – ყურადღება მივიქციოთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია“, – ამბობენ შეკვეთილში მცხოვრებნი, რომელთა უმეტესობაც მცირე სასტუმრო ბიზნესის განვითრებას ცდილობს და სახელმწიფოსგან ხელშეწყობას მოელის. ხელშეწყობა კი მათთვის გზის, ბუნებრივი აირის, კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებაა. საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებაც ხომ ეგ არის – ინფრასტრუქტურის მოწყობა, და შემდეგ უკვე კერძო სექტორი გაზრდილი შემოსავლით იქით ახეირებს ბიუჯეტს, თუ, რასაკვირველია, აღრიცხვა და ადმინისტრირება სწორი და გამჭვირვალე იქნება, რაც, უდავოდ, ასევე სახელმწიფოს საქმეა.

 

თემურ იოსელიანი