თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი რეკრუტებისთვის ქართული ენის შესწავლის ახალი პროგრამა აამოქმედა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქართული ენის კურსს პირველ ეტაპზე 123 ახალწვეული გაივლის. აქედან 82 აზერბაიჯანელია, ხოლო 41 - სომეხი. სწავლის კურსი შვიდ კვირას გრძელდება. პროგრამა I ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზა „ხცისში" დღეიდან დაიწყო.
„ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ვალია, რომ ვიცოდეთ ქართული ენა", – განაცხადა სამხედრო მოსამსახურე ვარაზდატ მკრტიჩიანმა.
სამხედროებს შეასწავლიან ქართულ წერას, მეტყველებას, ოფიციალური წერილებისა და დოკუმენტების შედგენას. მათ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მასწავლებლები ასწავლიან.
„დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ ამ პროცესში. დღეს სწავლა დაიწყო ოსიაურის ბაზაზე, სადაც წვევამდელები შეისწავლიან ქართული ენის А1, ანუ საბაზისო დონეს", – განაცხადა სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა.
სწავლების მიზანია – ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ სახელმწიფო ენა და ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში სრულფასოვნად მოახდინონ თავის დამკვიდრება.
ქართული ენის სწავლების პროგრამა პერმანენტულად განხორციელდება.
საქართველოს მოსახლეობა 3,7 მლნ-ზე მეტია, აქედან აზერბაიჯანელია 223 ათასი, დაახლოებით 169 ათასი – სომეხი. საქართველოში ასევე ცხოვრობენ ოსები, იეზიდები, რუსები, უკრაინელები, ბერძნები, ასირიელები და სხვა ეროვნებების წარმომადგენლები.