თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელი შეეცვალა და მას დღეიდან თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ეწოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სახელის შეცვლის გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის სახელის ცვლილება მის რებრენდინგს უკავშირდება. უწყებას ასევე ახალი ფუნქციები ემატება.
„ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაემატა მთელი რიგი ფუნქციები, როგორიც არის ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოება მშენებლობებზე. ამ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე, ასევე უსაფრთხო შრომა. მერიამ გადაწყვიტა და საკრებულოც ეთანხმება, რომ ის გახდეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. ერთგვარი რებრენდინგი ხორციელდება ამ სამსახურის“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ლევან ჟორჟოლიანმა აქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული სიახლე საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს.