ნუ მიუახლოვდებით ქმრის სახლს – გორში 51 წლის ქალი დააკავეს

ქალის თქმით, იგი ქმრის სახლში ტანსაცმლის წამოსაღებად იყო მისული.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გორის რაიონში შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო 51 წლის ქალი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მოხდა. მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მეუღლეებს შორის დაპირისპირების გამო პოლიციამ ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. მიუხედავად ორდერისა, ქალი მეუღლესთან მივიდა. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ ქმრის სახლში ტანსაცმლის წამოსაღებად იყო მისული. მოსამართლე ნინო შარაძემ ქალს ამჯერად სიტყვიერი შენიშვნა მისცა და გაათავისუფლა.

შსს: ოჯახში ძალადობის რისკებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა

არსებული ინფორმაციით, ქმარს 126-ე პრიმა მუხლით („ოჯახში ძალადობა") პატიმრობა აქვს მოხდილი.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა არასამთავრობო სექტორთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერით ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის დეტალური წესები შეიმუშავა.

რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვის მიზნით გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის ექვს თვეში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 3292-ს უტოლდება, რაც ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემებს.