ჯანდაცვის სამინისტრო: სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომ საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ზომებს მიმართავს მის აღმოსაფხვრელად, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს>>>

დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების ბრალდებით.

„დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაეყენა სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე არაეფექტურ სისტემურ რეაგირებაში. იმედი გვაქვს, გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გია თვალავაძე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.

გამოძიების ცნობით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია, რითიც აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. 

სააფთიაქო ნარკომანია: საქართველოში რეცეპტის გარეშე წამლებით ვაჭრობა აღკვეთეს

სუს-ის ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, არ რეაგირებდა „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რაც აღნიშნულ აფთიაქებში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას ეხებოდა.

ამავე საქმეზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე - ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მიცემულია 20 პირი. უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა კი საერთო ჯამში 4 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.