რა გეგმები აქვს მთავრობას ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით

პარლამენტი თბილისში 2019 წლიდან,  საგაზაფხულო სესიებისთვის საბოლოოდ გადმოვა.
Sputnik

თბილისი,  23 სექტემბერი  — Sputnik.  ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობაში  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის რეგიონული  ცენტრის განთავსებას გეგმავს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

ახლო მომავალში დეპუტატები რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვას შეუდგებიან, რომლის თანახმად, პარლამენტს  ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანენ. ამ დროისთვის საქართველოში პარლამენტის ორი შენობა ფუნქციონირებს. თუმცა, თბილისში მხოლოდ საკომიტეტო მოსმენები ტარდება.

რა უჯდება ბიუჯეტს ქუთაისში პარლამენტის შენობის შენახვა>>>

ჯავახაძის განცხადებით, პარლამენტის შენობაში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შსს–ს აკადემიის რეგიონული ცენტრი  და მომსახურები სააგენტო განთავსდება.

„დღეისთვის პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი მხოლოდ თბილისში არსებობს და ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეებს 50–მდე სერვისს სთავაზობს. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ იგივე მოდელის რეგიონში დანერგვას. თბილისის შემდეგ მეორე მსგავსი ცენტრი ქუთაისში გაჩნდება“ , – განაცხადა ჯავახაძემ.

რაც შეეხება შსს–ს პოლიციის რეგიონულ ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლობის დაფუძნებას, ჯავახაძის სიტყვებით, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგანაც აკადემიაში სწავლა შესაძლებელი გახდება არამარტო თბილისის, არამედ ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის. 

პარლამენტი თბილისში ბრუნდება – ვის დაეთმობა ქუთაისის შენობა

 „აკადემია ასევე იქნება ის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემას ახალი, კვალიფიციური კადრებით. ჩვენ,  აგრეთვე, უკვე შევცვალეთ სამსახურში მიღების წესიც და ამ წესით მოხდება ახალი, მოტივირებული კადრების მოზიდვა“, – აღნიშნა ჯავახაძემ.

საიდუმლო არაა,  რომ საქართველოს შსს–ს აკადემია უფრო განვითარებულია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე შესაძლებელი გახდება მეზობელი ქვეყნებიდან მოვიზიდოთ პოლიციელები, რაც ახალი სტიმული იქნება მთლიანობაში ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის, აღნიშნა ჯავახაძემ.

 „ჩვენ პერსონალს თბილისიდან არ გადმოვიყვანთ, შესაბამისად, პერსონალის მოზიდვა ადგილობრივი მოსახლეობიდან მოხდება და ეს ადგილობრივების დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა მან.

სავარაუდოდ, პარლამენტი თბილისში 2019 წლიდან, საგაზაფხულო სესიებისთვის საბოლოოდ გადმოვა.

პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ.

2017 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა სხდომები ქუთაისში უნდა ჩაატაროს.