თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 40 ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩვენებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას გეგმავს, განაცხადა შაბათს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა.
„რაც შეეხება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების განთავსებას, ცესკო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 28 სექტემბრისა შეიქმნება და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკო-ს ვებგვერდზე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მიქელაძემ შეახსენა მოსახლეობას, რომ უცხოეთში ხმის მიცემაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან ან უცხოეთში კონკრეტულ მისამართზე კანონმდებლობის შესაბამისად არიან დარეგისტრირებულნი.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა 2018 წლის 7 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. ეს უფასო პროცედურაა, რომლის გავლა შესაძლებელია როგორც საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ისე ონლაინ - ვებგვერდზე geoconsul.gov.ge.