თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ყაზახეთის თურქესტანის ოლქში ჩაატარებენ საორგანიზაციო ღონისძიებებს პედოფილების პირველ ქიმიურ კასტრაციასთან დაკავშირებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ქვეყნის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 2016 წელს ხელი მოაწერა კანონმდებლობაში შესწორებების პაკეტს, რომელიც ბავშვის უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ნორმების ნაწილი, კერძოდ, ქიმიური კასტრაცია 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს აიძულებენ მიიღონ პრეპარატები, რომლებიც მათ სექსუალურ ლტოლვას დაუქვეითებს. ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელია 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, რომლებმაც არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხელშეუხებლობის შესახებ სისხლის სამართლის კანონი დაარღვიეს.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, სექსუალური ლტოლვის დაქვეითების ღონისძიებების ჩატარებაზე 2018 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილია 9,6 მლნ ტენგე, ანუ დაახლოებით 27 ათასი აშშ დოლარი. ერთ პაციენტზე ქიმიური კასტრაციის მიზნით წელიწადში 125 ათასი ტენგე (დაახლოებით 350 დოლარი) გამოიყოფა.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2018 წლის რვა თვეში შევიდა ერთი განაცხადი თურქესტანის ოლქიდან. უწყებამ ქიმიური კასტრაციის გამოყენების წესები უფრო ადრე შეიმუშავა, რაც ასევე წლის დასაწყისიდან ამოქმედდა.