სასამართლომ ტყიბულის ტრაგედიაზე დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვა

დაცვის მხარე თითოეული დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის სასამართლომ ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სამართალდამცველებმა ტყიბულის შახტის თანამშრომლები 6 აგვისტოს მინდელის სახელობის შახტში მიმდინარე წლის აპრილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დააკავეს.

მთავრობა ტყიბულის შახტის მართვაზე უარს აცხადებს>>>

5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.

აფეთქება ტყიბულში: კადრები შემთხვევის ადგილიდან

სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი — ა.ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი — გ.კ., შახტის მენეჯერი — მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე — ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ.

კომპანია „საქნახშირის" დაკავებული ყოფილი თანამშრომლებიდან ხუთმა ბრალი აღიარა. ერთ-ერთი ბრალდებული კი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

დაცვის მხარე თითოეული დაკავებულისთვის გირაოს სახით 5 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არც ერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

გამოძიების მიხედვით, დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნები, რომელთა თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

ტყიბულში ნახშირის მაღაროები შეიძლება გაჩერდეს>>>

არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ ის, რომ შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.