საქართველოს პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

2015 წელს ელისო ბოლქვაძეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის" წოდება მიანიჭეს.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ელისო ბოლქვაძეს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

ელისო ბოლქვაძე - მუსიკა მშვიდობისათვის

„ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი ერის სასიკეთოდ, არამედ ხელოვნების და მუსიკის ღირებულებებისათვის ახორციელებთ. დიდი მადლობა ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის", – განაცხადა მარგველაშვილმა.

ელისო ბოლქვაძემ პრეზიდენტს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი დღემდე მიუღია.

„ძალიან ემოციური ვარ დღეს. უდიდესი ბედნიერება და დიდი პატივია, თუ რამე გამიკეთებია თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რაღაც მომიტანია ჩემ ცხოვრებაში… ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც მიმიღია ჩემი ცხოვრების მანძილზე", – განაცხადა პიანისტმა.

ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა. პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად შვიდი წლის ასაკში დაუკრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს დაამთავრა.

„იუნესკოს მშვიდობის არტისტი" Batumi Music Fest-ს დახურავს>>>

პროფესიული მოღვაწეობა ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიასა და აშშ-ში. 2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „ლირა", რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას.

2015 წლის იანვარში ელისო ბოლქვაძეს მიანიჭეს წოდება „იუნესკოს მშვიდობის არტისტი". გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა ეს ჯილდო საქველმოქმედო საქმიანობისა და მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

საფრანგეთის ეროვნულმა სატელევიზიო კომპანია LCI-მ სრულმეტრაჟიანი ფილმი მიუძღვნა ელისო ბოლქვაძის ცხოვრებას საქართველოსა და პარიზში. ამას გარდა, ქართველი პიანისტი ქალბატონი ხშირად შეგიძლიათ იხილოთ მუსიკალურ არხზე Mezzo.