ილია მეორე სასულიერო პირებს: თავი შეიკავეთ არაკორექტული განცხადებებისგან

პატრიარქის განცხადებით, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური და ერის გამაერთიანებელი ძალა.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებს პოლიტიკური შინაარსისა და არაკორექტული განცხადებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ბოლო დღეებში სასულიერო პირების ერთმა ნაწილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა. მათ შორის, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალი" უწოდა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ კი – „დაფრანგული".

მეუფე იაკობი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი თუ ვერ გახდა, „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთანავე საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან", – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ილია მეორემ მღვდლებსა და მღვდელთმთავრებს მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეკლესია პოლიტიკურ საკითხებში ყოველთვის ნეიტრალური ძალა იყო.

საპატრიარქო საქართველოში კანაფის წარმოების კატეგორიული წინააღმდეგია

„ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს", - ნათქვამია მიმართვაში.

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოებას გეგმავს. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღნიშნულმა საკითხმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უკმაყოფილებაც გამოიწვია. ამ ფონზე მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხის განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ იგი თავად ჩაუდგება სათავეში კანაფის შესახებ საინფორმაციო კამპანიას, ხოლო ეკლესიის მაღალი დონის ფიგურები ნამდვილად არ უნდა ერეოდნენ ამ საქმეში. ასევე, ზურაბიშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების ასეთი ჩართულობა მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.