თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 21-27 სექტემბერს პოლონური საბავშვო თეატრი „პინოქიოს" უფასო მასტერ-კლასებისა და წარმოდგენების სერია გაიმართება, ნათქვამია ქართული თეატრის განცხადებაში.
პოლონური დასის პროგრამაში ორი სპექტაკლია: 21 სექტემბერს 1-4 წლის ბავშვებისთვის წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „იავნანა" (დიდ სცენაზე), ხოლო 22 სექტემბერს მოზრდილი ბავშვებისთვის (10+) – „მთავარი შეკითხვა" გერმანელი ილუსტრატორისა და მწერლის ვოლფ ერლბრუხის ნაწარმოების მიხედვით (ექსპერიმენტულ სცენაზე).
სპექტაკლის შემდეგ ბავშვებს სადადგმო ჯგუფისთვის კითხვების დასმა შეუძლიათ.
პოლონური თეატრის გასტროლების ფარგლებში 24-25 სექტემბერს გაიმართება ასევე უფასო მასტერ-კლასი, რომელსაც რეჟისორი კონრად დვორაკოვსკი წარუძღვება.
პროექტს აფინანსებს პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო.