თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები ამ სააგენტოს მიერ სამიზნე აუდიტორიაზე მაღალი ეფექტური ზემოქმედებით აიხსნება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ფორუმ Baltic Weekend-ზე გამოსვლისას.
მისი განცხადებით, Sputnik-ის წინამორბედი Голос России არასოდეს გამხდარა მსგავსი თავდასხმების ობიექტი.
„რა შეიცვალა? ენების რაოდენობა? Голос России-ს უფრო მეტი ჰქონდა. მიზანი და ამოცანები? იგივე დარჩა. ისტორია? არც ეს. უბრალოდ Sputnik ეფექტური გახდა. თქვენი ინფორმაციით თქვენ პოულობთ ოპტიმალურ გზას იმ აუდიტორიისკენ, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, როგორც კი რუსული მასმედია ხდება გლობალურად ეფექტური და კონკურენტუნარიანი დასავლეთის ქვეყნებში, „იქვე სრულდება წესები“.
„არ რჩება არც ტოლერანტობა, არც სამართლისა და კანონის ნორმების პატივისცემა. ჩვენ იმ კოსმოსურ ორბიტებზე აღმოვჩნდებით ხოლმე, სადაც დედამიწის კანონები აღარ მოქმედებს. ძირითადი პრეტენზიები, რაც მე მესმის Sputnik-ის მიმართ უცხოელი კოლეგებისა და ჟურნალისტების მხრიდან, პირველ რიგში ფრანგებისაგან - „ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას“. პასუხად მე ვამბობ: „მოამზადეთ ამ დეზინფორმაციების მაგალითების ნაკრები“. მიუხედავად ამისა, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენთვის არ გადმოუგზავნიათ Sputnik-ის არც ერთი ინფორმაცია, რომელიც დეზინფორმაციას შეიცავდა“, - განაცხადა ზახაროვამ.
Baltic Weekend - ევროპაში უდიდესი საერთაშორისო ფორუმია კომუნიკაციების დარგში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში - სანქტ-პეტერბურგში. 17 წლის მანძილზე Baltic Weekend-მა სახელი მოიხვეჭა, როგორც ეფექტურმა საერთაშორისო სადისკუსიო ტრიბუნამ რუს და უცხოელ პროფესიონალთა შორის დიალოგისთვის, კომუნიკაციების სფეროში, ასევე ბიზნესის, ხელისუფლების, მასმედიის, საგანმანათლებლო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პროფესიული და ეთიკური კომუნიკაციების სფეროთი დაინტერესებულ პირებს შორის. ფორუმის ორგანიზატორია საკომუნიკაციო სააგენტო SPN Communications.
Sputnik წარმოადგენს Baltic Weekend-2018-ის საერთაშორისო პარტნიორს.
Sputnik-ი ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს მულტიმედიურ და რეგიონულ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, მსოფლიოს 130 ქალაქსა და ინტერნეტში, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. Sputnik-ი 24–საათიან რეჟიმში გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 50 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს ხელმომწერების რაოდენობა კი დაახლოებით 9 მილიონს აღწევს.
22 სარედაქციო ცენტრში მთელი მსოფლიოს მასშტაბით – ტოკიოდან მონტევიდეომდე ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი მედიაჯგუფ Россия сегодня-ში შედის. Sputnik-ის სათაო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.