თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის გატანა-შემოტანაზე აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება წლის ბოლომდე გადაავადა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
საქართველოს მთავრობამ ავტოტრანსპორტით ფქვილის ან ხორბლის ტრანსპორტირება თავდაპირველად 15 სექტემბრიდან აკრძალა, თუმცა მოგვიანებით ეს აკრძალვა 1 ოქტომბრამდე გადავადდა. მაგრამ იმპორტიორი კომპანიებისთვის ეს ორი კვირა საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ თბილისში საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს.
„წლის ბოლომდე შეზღუდვა გადავადდება, მუშაობა გაგრძელდება და შევიმუშავებთ ნაკლებად მტკივნეულ ვარიანტს", – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ოთხშაბათს იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა და მძღოლებმა, რომლებიც მესამე დღეა აქციას მართავენ, ლილოში გაფორმების ეკონომიკური ზონის შესასვლელი გადაკეტეს. მათ მთავრობას კონკრეტული დრო მისცეს - 18:00 საათი და მოითხოვეს 1 ოქტომბრიდან აკრძალვის ძალაში შესვლის გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსეს.
„თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სიტუაცია უმართავი გახდება. ამ ადამიანებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ", – განაცხადა შპს "ალავერდის" დამფუძნებელმა გია ქაიხოსროშვილმა.
ამრიგად, აქციის მონაწილეებმა თავიანთი მოთხოვნების შესრულებას ნაწილობრივ მიაღწიეს. თუ რას გეგმავენ ისინი მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.